თბილისის „ლოკომოტივმა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა მეტოქე. მატჩი ბათუმელთა შეტევებით დაიწყო. მათ პირველივე წუთზე პენალტის დატყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ თორნიკე თარხნიშვილმა შანსი ვერ გამოიყენა. ანგარიში მაინც სტუმრებმა გახსნეს, მე-10 წუთზე გუნდის კაპიტანმა, თეიმურაზ შონიამ კუთხურის შემდეგ აიღო თბილისელთა კარი. გაშვებული გოლის შემდეგ ლოკო გააქტიურდა და 32-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. თეიმურაზ ღონღაძის ფლანგურ გადაცემას საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილმა ირაკლი სიხარულიძემ თავი შეაშველა და ბათუმელთა უკრაინელ მეკარეს აუღებელი დაურტყა. გიორგი დევდარიანის გუნდმა გადამწყვეტი გოლიც პირველ ნახევარში გაიტანა. 43-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძის მიერ ჩაჭრილი ბურთი ირაკლი სიხარულიძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელს კი, მეკარესთან პირისპირ დარჩენილს, დუბლის გაფორმება არ გასჭირვებია. მეორე ნახევარში „დინამო“ უფრო აქტიურად უტევდა და „ლოკომოტივი“ ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვებით, თბილისური კლუბი ეროვნულ ლიგაში გალიდერდა.
მსაჯები
- არბიტრი - ჯ. ხორავა
- პირველი ასისტენტი - ლ. თოდრია
- მეორე ასისტენტი - დ. გაბისონია
- მეოთხე მსაჯი - პ. მაჭარაძე