კალენდარი

ორშაბათი, 26 ოქტომბერი

შაბათი, 31 ოქტომბერი

კვირა, 1 ნოემბერი

ორშაბათი, 2 ნოემბერი

შაბათი, 7 ნოემბერი

კვირა, 8 ნოემბერი

ახალი ამბები

მოიგო ლიდერმა და მოიგო აუტსაიდერმაც

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ლიდერმა დინამო ბათუმმა დამაჯერებლად, 3:0 მოუგო წყალტუბოს სამგურალს; აუტსაიდერმა ტყიბულის მეშახტემ კი 2:1 აჯობა გორის დილას. 

მეშახტე 2:1 დილა 

მეშახტე დილასთან აგებდა, მაგრამ თამაში მოატრიალა - 2:1. ეს მეშახტეს პირველი საშინაო მოგებაა. ზოგადად კი, წლეულს სამი გამარჯვება აქვს და აქედან ორჯერ სწორედ დილასთან მოახერხა.

გორელები მოჰამედ კანტემ დააწინაურა. გვინეელმა შოთა შეყილაძის კარგი პასი გამოიყენა,  მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ძლიერად დაარტყა და 0:1.

მეორე ტაიმის ათწუთიან მონაკვეთში კი მეშახტემ ორჯერ გაიტანა. ჯერ გიორგი პაპუაშვილის პასს მოჰყვა ბექა გაბისკირიას შესრულება და ბურთი უცნაური ტრაექტორიით ჩაეშვა კარში;

მერე კი მათე კვირკვიამ ზურგით მიიღო ბურთი, უცებ მოტრიალდა და დაბალი დარტყმით დააწინაურა თავისიანები.

დილა მეხუთე ადგილზე რჩება, მეშახტე კი ბოლოზეა, თუმცა მეცხრეადგილოსანთან ჩამორჩენა შეამცირა: ახლა 7 ქულაა...

დინამო ბთ 3:0 სამგურალი 

პირველ ტაიმში ერთი გოლი გავიდა. ნიკა კალანდარიშვილმა ჩააწოდა, დმიტრი მანდრიჩენკომ თავით ბურთს ოდნავ შეუცვალა მიმართულება და პაულო ვიტორმა დასწრებაზე გაიტანა - 1:0.

მაურიდესი... ბათუმელთა ამ ბრაზილიელმა ფორვარდმა შორიდან, 28-30 მეტრიდან გაისროლა და სხვაობა ორამდე გაზარდა.  ეს მეორე ტაიმის შუაში მოხდა. ხოლო მესამე ბურთი ლევან შენგელიამ მიითვალა - კარგი გათამაშების მერე არამუშა, მარჯვენა ფეხით ცხრიანში ზუსტად დაარტყა - 3:0.

დინამო ბათუმი ისევ ლიდერია. გუნდმა ბოლო 10 ტურში 9 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. სამგურალი კი მეექვსე პოზიციაზეა.

გუშინდელის მსგავსად, ორივე მატჩის წინ გიორგი ნემსაძის ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა და დღეს დაკრძალეს. 

გარდა ამისა, დინამო ბათუმის ფეხბურთელებმა ხვიჩა კვარაცხელიას 20-ნომრიანი მაისურა გამოფინეს, რითაც მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელისადმი. კვარა ხომ ოთხი წლის წინ დინამო ბათუმშიც თამაშობდა.  შეგახსენებთ, ხვიჩამ პსჟ-ბარსელონას მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო.