დაიწყო საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. რიგით 35-ე ჩემპიონატი... ორი მატჩი გაიმართა: მთავარ ლიგაში დაბრუნებულმა სამტრედიამ თელავს აჯობა, ჩემპიონმა დინამო თბილისმა კი გორში იმარჯვა.
სამტრედიამ შინ 1:0 მოუგო თელავს. გოლი ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გაიტანა ზვიად ნაჭყებიამ. 23 წლის ფლანგელი შემტევი ნაჭყებია ვიტ ჯორჯიადან გადავიდა იმერულ კლუბში.
ეს იყო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის პირველი გოლი.
მოქმედმა ჩემპიონმა დინამო თბილისმა გორში სძლია დილას - 2:1. დაძაბული თამაში გამოდგა, სამი გოლით და ორი გაძევებითაც...
35-ე წუთზე გვინეელმა უსმანე კამარამ დააწინაურა დინამო. კამარა შარშანწინ დილაში თამაშობდა... მალევე, გორელებმა გაათანაბრეს. ბარბადოსელმა გეილიმ გაიტანა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა კამარას პასის მერე დავით სხირტლაძემ კვლავ წინ გაიყვანა დინამო - 1:2.
სხირტლაძის გოლიდან ერთ წუთში დინამოელი ჯიმი ტაბიძე გააძევეს მეორე ყვითელი ბარათის გამო. მე-80 წუთზე კი გორელთა მცველ ზურაბ თევზაძეს დაატოვებინეს მინდორი.
მატჩზე ვიდეოგამეორების სისტემა (VAR) მოქმედებდა.