სანაკრებო დღეები დასრულდა და საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. 28-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა და ისე მოხდა, რომ მასპინძელს გოლი არ გაუტანია. საინტერესოა, რომ საბურთალომ ზედიზედ მესამედ მოიგო, სამგურალმა კი პირიქით - ზედიზედ სამჯერ წააგო.
თბილისის დინამო არენაზე გაგრამ და დილამ 0:0 ითამაშეს. გაგრას 7 ტურია არ მოუგია და ზედიზედ 5 თამაშია, გოლი არ გაუტანია. დილას კი ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
ისე, ამ ორ გუნდს შორის ურთიერთშეხვედრებში მიმდინარე სეზონში თანაფარდობაა: თითო მოგება-წაგება და ორი ფრე.
თელავი-ლოკომოტივის შეხვედრაც უგოლოდ დასრულდა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მასპინძელთა მარჯვენაფლანგელმა ცოტნე კაპანაძემ პენალტი ვერ გაიტანა: ოთო გოშაძემ მოიგერია...
გიორგი ცეცაძის გაწვრთნილ თელავს 9 ტურია არ მოუგია, თუმცა მეშვიდე ადგილზე ჯერჯერობით რჩება. რაც შეეხება ლოკომოტივს, წლეულს პირველად მოახერხა სტუმრად ქულის აღება...
და კიდევ, გიორგი მინაშვილის დებიუტი იყო ლოკოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
სამგურალმა შინ 0:3 წააგო საბურთალოსთან. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მესამე მარცხია წყალტუბოელებისთვის და სამივეჯერ ერთნაირი ანგარიშით - 0:3. სამგურალი მეხუთე ადგილზეა.
რაც შეეხება საბურთალოს, თემურ შალამბერიძის გაწვრთნილებმა ზედიზედ მესამედ გაიმარჯვეს და საერთო ანგარიშით 11:1. საბურთალო მეექვსეზეა, თუმცა ცხრილში სიმჭიდროვეა და მესამეადგილოსანს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
გოლებზე: სამგურალის მცველ გიორგი თევზაძეს აეჭრა საკუთარ კარში და 0:1... პირველი ტაიმის ბოლოს ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა და ეს მისი პირველი გოლია სეზონში. მეორე ნახევარში კი გიორგი გულიაშვილმა ახლოდან დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.
ტურის დარჩენილი ორი მატჩი 2ოქტომბერს გაიმართება: