კალენდარი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ორშაბათი, 28 ოქტომბერი

ახალი ამბები

საბურთალომ ზედიზედ მესამედ მოიგო, ორი თამაში ფრედ დასრულდა

სანაკრებო დღეები დასრულდა და საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. 28-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა და ისე მოხდა, რომ მასპინძელს გოლი არ გაუტანია. საინტერესოა, რომ საბურთალომ ზედიზედ მესამედ მოიგო, სამგურალმა კი პირიქით - ზედიზედ სამჯერ წააგო.

გაგრა 0:0 დილა 

თბილისის დინამო არენაზე გაგრამ და დილამ 0:0 ითამაშეს. გაგრას 7 ტურია არ მოუგია და ზედიზედ 5 თამაშია, გოლი არ გაუტანია. დილას კი ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

ისე, ამ ორ გუნდს შორის ურთიერთშეხვედრებში მიმდინარე სეზონში თანაფარდობაა: თითო მოგება-წაგება და ორი ფრე.

თელავი 0:0 ლოკომოტივი 

თელავი-ლოკომოტივის შეხვედრაც უგოლოდ დასრულდა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მასპინძელთა მარჯვენაფლანგელმა ცოტნე კაპანაძემ პენალტი ვერ გაიტანა: ოთო გოშაძემ მოიგერია...

გიორგი ცეცაძის გაწვრთნილ თელავს 9 ტურია არ მოუგია, თუმცა მეშვიდე ადგილზე ჯერჯერობით რჩება. რაც შეეხება ლოკომოტივს, წლეულს პირველად მოახერხა სტუმრად ქულის აღება...

და კიდევ, გიორგი მინაშვილის დებიუტი იყო ლოკოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

სამგურალი 0:3 საბურთალო 

სამგურალმა შინ 0:3 წააგო საბურთალოსთან. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მესამე მარცხია წყალტუბოელებისთვის და სამივეჯერ ერთნაირი ანგარიშით - 0:3. სამგურალი მეხუთე ადგილზეა.

რაც შეეხება საბურთალოს, თემურ შალამბერიძის გაწვრთნილებმა ზედიზედ მესამედ გაიმარჯვეს და საერთო ანგარიშით 11:1. საბურთალო მეექვსეზეა, თუმცა ცხრილში სიმჭიდროვეა და მესამეადგილოსანს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

გოლებზე: სამგურალის მცველ გიორგი თევზაძეს აეჭრა საკუთარ კარში და 0:1... პირველი ტაიმის ბოლოს ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა და ეს მისი პირველი გოლია სეზონში. მეორე ნახევარში კი გიორგი გულიაშვილმა ახლოდან დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.

ტურის დარჩენილი ორი მატჩი 2ოქტომბერს გაიმართება: 

სიონი - დინამო ბთ 

ტორპედო - დინამო თბ