მე-17 ტური: მოიგეს სამგურალმა, დინამო ბათუმმა, ტორპედომ და ლოკომოტივმაც

News

მე-17 ტური: მოიგეს სამგურალმა, დინამო ბათუმმა, ტორპედომ და ლოკომოტივმაც

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური დასრულდა. დღეს ოთხი მატჩი გაიმართა, ვნახეთ 12 გოლი: მოიგო და პირველი ქულები აიღო თბილისის ლოკომოტივმა. კვლავ გაიმარჯვა წყალტუბოს სამგურალმა, თუმცა ეს უკვე მოულოდნელობა არაა...

სამგურალი 2:1 დინამო თბილისი 

სამგურალმა წყალტუბოში უმასპინძლა დინამო თბილისს და 2:1 მოუგო. საინტერესოა, რომ ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებაში დინამოელებს საერთოდ არ გაუმარჯვიათ!

გიორგი მიქაძის გაწვრთნილი სამგურალი მეორე ადგილზეა, დინამომ კი მესამეზე გადაინაცვლა. წყალტუბოელები ბოლო 10 შეხვედრაა, არ დამარცხებულან, ხოლო ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგეს. 

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, თავიდან დინამოელები დაწინაურდნენ ოსეი ბარნსის თავურით, თუმცა რამდენიმე წუთში მიხეილ ბაშელეიშვილმა გაათანაბრა. 52-ე წუთზე კი სამგურალის მარცხენაფლანგელმა ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა და ეს გოლი გადამწყვეტი გამოდგა - 2:1. ეს კალანდარიშვილის მეოთხე გოლია მიმდინარე სეზონში. 

გაგრა 0:3 დინამო ბათუმი 

გაგრამ დინამო არენაზე უმასპინძლა დინამო ბათუმს. მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმელებმა სტუმრად 3:0 მოიგეს და 5-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ. ზღვისპირელებს უკვე 44 გოლი აქვთ გატანილი სეზონში.

პირველი გოლი 45-ე წუთზე მამუკა კობახიძემ გაიტანა ახლო მანძილიდან. მეორე ნახევარში კი ჯერ თორნიკე გაფრინდაშვილმა, მერე კი ჯამბულ ჯიღაურმა შორიდან დარტყმებით გაიტანეს. 

გაგრამ ბოლო 5 მატჩიდან ყველა და მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.  

ლოკომოტივი 2:1 საბურთალო 

თბილისურ დერბიში ლოკომოტივმა 2:1 მოუგო საბურთალოს. ლოკომოტივს 16 ტურში 16 წაგება ჰქონდა და საბურთალოსთან პირველი ქულები მოიპოვა.

გამარჯვებულთაგან გოლები ირაკლი ჭიაბრიშვილმა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიტანეს, საბურთალოდან კი ბრაზილიელმა ჟულიუ ვინისიუსმა შეამცირა სხვაობა. საინტერესოა, რომ 20 წლის ვინისიუსს დებიუტი ჰქონდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და გოლით აღნიშნა. თანაც, 72-ე წუთზე შეიყვანეს შეცვლაზე და 4 წუთში გაიტანა. 

ალექსანდრე ინწკირველის გაწვრთნილი ლოკო ჯერაც რთულ მდგომარეობაშია, ბოლო ადგილზეა და 14 ქულით ჩამორჩება მეცხრეადგილოსანს. რაც შეეხება საბურთალოს, ცუდი სერია აქვს: ზედიზედ მესამედ წააგო. 

ტორპედო 3:0 სიონი 

ქუთაისის ტორპედომ 3:0 მოუგო ბოლნისის სიონს. ლევან მჭედლიძემ მე-15 წუთზე გახსნა ანგარიში: ეს მისი პირველი გოლია ტორპედოს მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში... პირველი ტაიმის ბოლოს აკაკი შულაიამ მეორე ბურთი გაიტანა ბოლნისელთა კარში და ისევ შულაიამ მატჩის მიწურულს დუბლი შასრულა - 3:0. 

საინტრესოა, რომ შულაიას ამ სეზონში არ ჰქონდა გოლი გატანილი და ამჯერად ორი ბურთი მიითვალა.  

ტორპედო მეშვიდე ადგილზეა, სიონი კი - მეცხრეზე. მათ შორის სხვაობა 4 ქულაა.