ბათუმის დინამომ საბურთალო დიდი ანგარიშით დაამარცხა და სატურნირო ცხრილს ისევ დამაჯერებლად ლიდერობს

News

ბათუმის დინამომ საბურთალო დიდი ანგარიშით დაამარცხა და სატურნირო ცხრილს ისევ დამაჯერებლად ლიდერობს

  • სამგურალი 0:0 შუქურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში წყალტუბოს სამგურალმა საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი შუქურა მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მთელი მატჩის განმავლობაში რეალური საგოლე მომენტი პრაქტიკულად არცერთ გუნდს არ ჰქონია. 

ამ დროისთვის მასპინძლებს 37 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზე არიან. შუქურა კი 27 ქულით მე-9 ადგილზე რჩება.

  • ლოკომოტივი 4:2 სამტრედია

უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა ლოკომოტივსა და სამტრედიას შორის. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 23-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ დააწინაურა, თუმცა სტუმრებმა სტრაჰინია პავიშიჩის მიერ გატანილი გოლით მალევე აღადგინეს წონასწორობა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმში სამტრედიელთათვის სასურველი სცენარით დაიწყო. გიორგი გადრანმა სტუმრები წინ გაიყვანა, თუმცა ლოკომოტივმა მატჩის შემოტრიალება მაინც მოახერხა. მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და საბოლოოდ 4:2 მოიგო.

ბექა ქურდაძის კარი ჯერ ირაკლი სიხარულეძემ აიღო და დუბლი მიითვალა, ხოლო კიდევ ორი ბურთი გიორგი დიასამიძემ შეაგდო.

32 ტურის შემდეგ ლოკომოტივის აქტივში 50 ქულაა და დედაქალაქელები მე-6 პოზიციას იკავებენ. სამტრედია კი 20 ქულით კვლავინდებურად ბოლო ადგილზე რჩება. 

  • ბათუმის დინამო 4:0 საბურთალო

გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა ბათუმის დინამომ საბურთალო. ჩემპიონობის უმთავრესმა კანდიდატებმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს და ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში ისევ დამაჯერებლად ლიდერობენ. ანგარიში ბათუმელებმა მე-13 წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით გახსნეს.

მასპინძელთა დომინაცია მოედანზე მიანიშნებდა რომ ეს გოლი ამ შეხვედრაში უკანასკნელი არ იქნებოდა - პირველი ტაიმის მიწურულს უპირატესობა ორამდე მამუკა კობახიძემ გაზარდა. მანვე გაიტანა მეასამე ბურთიც და ეროვნულ ლიგაში პირველი დუბლი გაიფორმა. საბოლოო ანგარიში თორნიკე გაფრინდაშვილმა დააფიქსირა.

ეროვნული ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ბათუმის დინამოს 67 ქულა აქვს, გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, უშუალო კონკურენტ დინამო თბილისს 4 ქულით აღემატება. 50-50 ქულით კი მეოთხე-მეხუთე ადგილებს საბურთალო და ლოკომოტივი იყოფენ.