კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დღეს მე-6 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. პირველი დაპირისპირება, გორში ბათუმის დინამოსა და ლოკომოტივს შორის შედგა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.
ბათუმელებმა ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გახსნეს. მე-6 წუთზე მასპინძლები ვლადიმერ მამუჩაშვილმა დააწინაურა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველი ტაიმის მიწურულს წონასწორობის აღდგენა ლოკომოტივის ახალწვეულისა და გამოცდილი მცველის, გურამ კაშიას მიერ გატანილი გოლით შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში გუნდებმა საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს, გატანილ გოლამდე საქმე არ მისულა. დინამომ და ლოკომოტივმა ქულები გაიყვეს. 6 ტურის შემდეგ ბათუმელებს 12 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან სატურნირო ცხრილში, ლოკომოტივი კი 11 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
გატანილი გოლების გარეშე დასრულდა სათამაშო დღის მეორე მატჩი, რომელშიც ერთმანეთს საბურთალო და თელავი დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ლევან კორღალიძის გუნდში 8-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა გამოჯანმრთელებულმა გიორგი კოხრეიძემ.
ტურის ბოლო შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართა. მოქმედი ჩემპიონები ერთ-ერთ კონკურენტს, გორის დილას დაუპირისპირდნენ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს. შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი, ახალგაზრდა ფეხბურთელის ლუკა გაგნიძის ანგარიშზეა. 18 წლის ნახევარმცველისთვის ეს გოლი სადებიუტო იყო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ამ გამარჯვების შემდეგ დინამომ 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. გორის დილა კი 11 ქულით მესამე პოზიციაზეა.