ორიდან ორი მოგება! ლოკომოტივი ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს

News

ორიდან ორი მოგება! ლოკომოტივი ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს

  • ჩიხურა 1:3 ლოკომოტივი

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისის ლოკომოტივი ასპროცენტიანი შედეგიანობით ასპარეზობს. ლევან კორღალიძის გუნდმა მეორე ტურშიც მოიგო და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. დედაქალაქელებმა მიმდინარე ტურში საჩხერის ჩიხურა ანგარიშით 3-1 დაამარცხეს. მატჩში, პირველი ტურის მსგავსად ლოკომოტივის რიგებში დუბლი ირაკლი სიხარულიძემ მიითვალა, ხოლო ავტოგოლი გოდერძი მაჩაიძემ გაიტანა. ნომინალური მასპინძლების მხრიდან ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი გიორგი კორიფაძე გახდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად. 

  • სამტრედია 1:0 ტორპედო

მეორე ტურის  შეხვედრაში პირველი სამი ქულა მოიპოვა კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში დაწინაურებულმა სამტრედიამ. კახი კაჭარავას გუნდმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედო მიიღო და მინიმალური ანგარიშით  1-0 დაამარცხა.  მატჩის მე-13 წუთზე ქუთაისელთა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ნიჯატ ყურბანოვმა შეასრულა. ტორპედომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გათამაშებაში  ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და თან ისე რომ  გოლის გატანა ვერ მოახერხა.

  • მერანი 0:0 საბურთალო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დებიუტანტმა თბილისის მერანმა გათამაშების კიდევ ერთ ფავორიტს დააკარგვინა ქულები. ბათუმის დინამოსთან დაფიქსირებული ფრის შემდეგ გიორგი დარასელიას გუნდმა მორიგი საყაიმო ანგარიში საბურთალოსთან მატჩში დააფიქსირა. დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ორი ტურის შემდეგ მერანი ორი ქულით  გათამაშების ცხრილის მეხუთე საფეხურზეა, ხოლო საბურთალო კი 4 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.