საბურთალომ და დინამომ ვერ მოიგეს, ბათუმის დინამო ლიდერობას ინარჩუნებს!

News

საბურთალომ და დინამომ ვერ მოიგეს, ბათუმის დინამო ლიდერობას ინარჩუნებს!

საბურთალო 0:0 ვიტ ჯორჯია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ბოლო სათამაშო დღე მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა საბურთალომ აუტსაიდერი ვიტ-ჯორჯია ვერ დაამარცხა. მოქმედმა ჩემპიონებმა მეტოქეს გოლი ვერ გაუტანეს იმის, მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს. ვიტ ჯორჯიამ კი ზედიზედ მეორე მატჩში არ წააგეს.

ამ დროისთვის საბურთალოს 44 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ორი გამოტოვებული მატჩი აქვს რეზერვში. ვიტ ჯორჯია კი 17 ქულით  კვლავ ბოლო ადგილზეა. 

თბილისის დინამო 2:2 რუსთავი

საბურთალოს ქულების დაკარგვით ვერ ისარგებლა მისმა უშუალო კონკურენტმა თბილისის დინამომ, რომელმაც საკუთარ მოედანზე რუსთავი ვერ დაამარცხა. დინამოელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო. მე-18 წუთზე მასპინძლები ლევან შენგელიამ დააწინაურა და პირველი ტაიმი  მინიმალური ანგარიშით მოიგეს. დაპირისპირების 50-ე წუთზე კი ნიკა ნინუამ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით დინამოს უპირატესობა ორბურთიანი გახადა.ამის შემდეგ რუსთაველთა გააქტიურება თვალშისაცემი გახდა. 5 წუთში ბექა ქავთარაძემ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, მატჩის მიწურულს კი კიდევ ერთი გოლი გაუტანა მეტოქეს და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა. 

25 ტურის შემდეგ თბილისის დინამო 48 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. რუსთავი კი 29 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.  

ფოტო: გიორგი არჯევანიძე (c)