კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. იმერულ დერბიში ქუთაისის ტორპედომ წყალტუბოს სამგურალს 1:0 მოუგო, რუსთავმა კი ტყიბულის მეშახტესთან პირველი ტაიმი წააგო, თუმცა თამაში შემოატრიალა - 2:1.
ქუთაისის ტორპედო ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია, ზედიზედ იგებს თამაშებს და ამჯერად ეს წყალტუბოს სამგურალთან მოახერხა.
ერთადერთი გოლი სერბმა კომნენ ანდრიჩმა გაიტანა. 70-ე წუთი იყო, დავით ბუკიამ დაარტყა, მეკარე არსენ სიუკაევმა მოიგერია ბურთი და ანდრიჩმა დაამატა. სხვათა შორის, სერბმა ფორვარდმა წლეულს ოთხი მატჩიდან ოთხივეში გაუტანა სამგურალს...
ბომბარდირთა დავაშიც პირველი ანდრიჩია - 14 გოლით.
ტორპედო მეხუთე ადგილზეა, სამგურალი კი - მეშვიდეზე.
ამ წაგების მერე გადაწყდა, რომ ტყიბულის მეშახტე კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან გავარდა და მომდევნო სეზონს ისევ ლიგა 2-ში ჩაატარებს.
ტყიბულელები იგებდნენ, კერძოდ, პირველი ტაიმის ბოლო წუთებში კარგი შეტევა განახორციელეს, ბოლო პასი ბექა გაბისკირიამ გააკეთა და ბექა შუბითიძემ დაბალ კუთხეში დარტყმით გახსნა ანგარიში.
რუსთავმა ბრაზილიელთა გოლებით მაინც გაიმარჯვა. ჯერ 50-ე წუთზე ჯექსონ კენიომ შორიდან დაარტყა, ბურთი კი რიკოშეტით შევარდა კარში - 1:1.
75-ე წუთზე პრინს ოსემ დაიწყო შეტევა, ლუკა პარკაძეს გააყოლა ბურთი. პარკაძემ ორი მცველი მოატყუა და დასარტყმელად დაუთმო ბურთი ჟან სოუზა დე ალმეიდას, რომელმაც ახლოდან გაიტანა - 2:1.
რუსთავი მეოთხე ადგილზეა. გუნდს ევროტურნირებზე გასვლის შანსი აქვს.