დინამო თბილისმა გორში მოიგო

News

დინამო თბილისმა გორში მოიგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი: დინამო თბილისმა გორში 2:0 მოუგო დილას. გოლები ალგასიმე ბამ და მათე ვაწაძემ გაიტანეს.

დილა 0:2 დინამო თბ

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა დინამომ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა დილას. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი მიითვალა გვინეელმა ალგასიმე ბამ. ასე მოხდა: ნიკა ნინუას კუთხურს მოჰყვა მარიოს პურზიტიდისის თავური, შოთა შეყილაძემ ბურთი კარიდან გამოიტანა, დამატებაზე კი ბამ ძლიერად და ზუსტად დაარტყა. 

მეორე გოლს რაც შეეხება, ბარნს ოსეიმ მშვენიერი პასით მარცხნივ გააყოლა ბურთი პურზიტიდისს, რომლის გადაცემაც დროული იყო და მათე ვაწაძემ ახლოდან გაიტანა - 0:2. ეს ვაწაძის მეცხრე გოლია მიმდინარე სეზონში. 

ამ მომენტისთვის დინამო თბილისი მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება დინამო ბათუმს. დილა კი, რომელმაც ზედიზედ 5 მატჩი წააგო, მეექვსე საფეხურზეა.