ქალაქ თბილისის საკრებულოს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბები "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიას უერთდებიან, რის ფარგლებშიც ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩებს ათივე გუნდის კაპიტანი ვარდისფერი სამკლავურით ჩაატარებს, ხოლო მოედნებზე კუთხურის ალმებიც იდენტური, ვარდისფერი იქნება.
"მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, მედიცინის თანამედროვე მიღწევებისა და ადრეული დიაგნოსტიკის პირობებში, ის შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში განკურნებადია. ასე რომ, მოვუწოდებთ ყველას - ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სკრინინგის პროგრამებით და ეს კამპანიაც სწორედ ამ საკითხისადმი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება." - ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თინათინ ნიბლოშვილი.
"ფეხბურთის ფედერაცია მოხარული ვართ და ყოველთვის მზად ვართ, რომ ფეხბურთის ხმა და საკომუნიკაციო შესაძლებლობები მსგავსი ინიციატივების და კამპანიების მხარდასაჭერად გამოვიყენოთ. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოახლოებული ტურის შეხვედრებში, ჩვენი ჩემპიონატის ათივე კლუბი მზად იქნება, რომ "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიაში ჩაერთოს." - განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.