კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 22-ე ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა. თბილისურ დერბიში დინამომ იბერია 1999-ს მოუგო და პირველ ადგილზე გადავიდა. ისე, ცხრილის ზედა ნაწილში ქულებში დიდი სიმჭიდროვეა...
სწრაფი გოლი ვნახეთ. ნიკა ნინუამ მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს აართვა ბურთი გიორგი კუციას, ამას მოჰყვა სწრაფი გათამაშება, გიორგი ხარაიშვილის მაგარი პასი და მაქსიმ ტეიშეირას დარტყმა ახლო კუთხეში - 0:1.
პირველივე ტაიმში, დინამოს ორჯერ ჰქონდა კარგი შანსი, ერთხელ კი თავად გადარჩნენ, როცა მეკარე ლუკას ფლორესმა ამირან ძაგანიას არ გაატანინა.
71-ე წუთზე დინამომ სხვაობა ორბურთიანი გახადა: ნინუას კუთხური და მათე ვაწაძის თავური - 0:2. ვაწაძემ ამ სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა.
რვა წუთში იბერიელებმაც გაიტანეს. ნიკა სიხარულაშვილი ლუკას ფლორესთან პირისპირ გავიდა, მეკარემ წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი ჯინჯოლავამ ზუსტად შეასრულა - 1:2.
დინამოელებმა წლეულს ორჯერ მოუგეს მოქმედ ჩემპიონს. ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.