კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა. დინამო ბათუმმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, ამჯერად თბილისის სპაერს აჯობა; ხოლო ლიდერმა რუსთავმა წყალტუბოში სამგურალთან ფრედ ითამაშა.
წყალტუბოელებმა ლიდერ რუსთაველებს უმასპინძლეს. უგოლო პირველი ტაიმის მერე თამაში უფრო დაიძაბა. ჯერ რუსთაველები დაწინაურდნენ მცველ ვაჟა ფაცაციას გოლით... ფაცაციას მიუვიდა ბურთი და ერთი შეხებით ძლიერად დაარტყა. მეკარემ რეაგირება კი მოახდინა, მაგრამ მოგერიება ვერ შესძლო - 0:1.
რუსთავი მოგებას უახლოვდებოდა, თუმცა 82-ე წუთზე სამგურალმა გაათანაბრა: გიგი გოგიამ ჩააწოდა და ნიკო ცეცხლაძემ ვარდნაში ფეხით გაიტანა. კარგი შესრულება იყო. ცეცხლაძე ექვსი წუთის შესული იყო მინდორზე.
რუსთაველებს ზედიზედ სამი მატჩი მშრალზე ჰქონდათ მოგებული და ამჯერადაც ასე მიჰყავდათ საქმე 82-ე წუთამდე...
ბათუმელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს და უკვე მეორე ადგილზე არიან. ლიდერ რუსთავს 5 ქულით ჩამორჩებიან. სპაერი კი ბოლოსწინაზეა.
ზღვისპირელებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ლუკა წულუკიძემ დუბლი მიითვალა. მან ჯერ თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა, მერე კი თორნიკე კირკიტაძის პასის შემდეგ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში...
მესამე გოლი კი ისევ კირკიტაძის პასით გავიდა: ავოკე ეშეტიემ რბილად და ტექნიკურად შეასრულა - 3:0.