თბილისის იბერია 1999-ს 11 აგვისტოს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. თბილისში, მიხეილ მესხზე, ჩრდილოეთ ირლანდიის ლარნთან.
ეს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩია. პირველი კი 0:0 დასრულდა და რა თქმა უნდა, იბერია 1999 წყვილის ფავორიტია, თუმცა ფავორიტის სტატუსს გამართლება უნდა.
აქეთ საქართველოს ჩემპიონი, იქით კი ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი. ლარნს თუ გამოთიშავს, 22-წლიანი შესვენების მერე, ქართული კლუბი გარანტირებულად პირველად მოხვდება ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე.
როგორ? იბერია 1999-ლარნის წყვილიდან გასული ევროპა ლიგის პლეი-ოფში შეხვდება პოლონურ იაგელონიასა და შოტლანდიურ გლაზგო რეინჯერსს შორის გასულს. და თუ იქაც გავა, ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდება.
მაგრამ თუ ლარნს გამოთიშავს და შემდეგ იაგელონია-რეინჯერსს შორის გამარჯვებულთან გავარდება, ავტომატურად მოხვდება კონფერენციის ლიგის ჯგუფში.
ასე რომ, 11 აგვისტოს 20:00 საათზე თბილისის მიხეილ მესხზე არა მხოლოდ იბერია 1999-ისთვის, არამედ მთლიანად ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.