კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეცხრე ტური დასრულდა. ანუ, პირველი წრე მიილია. ორშაბათს ორი მატჩი გაიმართა: ქუთაისის ტორპედომ დინამო ბათუმს სტუმრად 3:0 მოუგო, ხოლო გაგრა-მეშახტე ფრედ დასრულდა - 1:1.
ქუთაისელებმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოიგეს დიდი ანგარიშით. წინა ტურში სამგურალთან 6:1 იმარჯვეს, ამჯერად კი ბათუმელებს 3:0 აჯობეს.
პირველი ტაიმი მთავრდებოდა, როცა დიეგო დეისაძემ მშვენიერი ინდივიდუალური გოლი გაიტანა, საჯარიმოში შესულმა მარცხენა ფეხზე გადაიტანა ბურთი და აუღებელი დაარტყა.
56-ე წუთზე გიორგი არაბიძის ჩაწოდებულს მოჰყვა მატეო შიმიჩის ეფექტური თავური, ცხრა წუთში კი არაბიძემ მარჯვნივ ვლადიმერ მამუჩაშვილს გააყოლა ბურთი და ტორპედოს კაპიტანმაც მახვილი კუთხიდან მშვენიერი გოლი გაიტანა - 0:3.
ტორპედო მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ სამი ქულითღა ჩამორჩება ლიდერ იბერია 1999-ს. ქუთაისელებს პირველ წრეში ყველაზე მეტი გოლი მოუგროვდათ - 16. აი, ბათუმელებმა კი სეზონი კარგად დაიწყეს, თუმცა ბოლო ტურებში უკვე უჭირთ ქულების აღება. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი ბოლო ადგილზეა, თუმცა ქულებში დიდი ჩამორჩენა არაა.
მეშახტეს 9 ტურში 7 ფრე აქვს. ამჯერად გაგრასთან 1:1 ითამაშეს.
ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ჯერ ტყიბულელთა ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ გაიტანა. ფაცაციამ შორიდან დაარტყა, ბურთი ერთ-ერთ მცველს მოხვდა, მიმართულება იცვალა და მეკარე ოლეკსანდრ ვორობეიმ რეაგირება ვეღარ მოახდინა.
ტაიმის ბოლოს კი გაგრადან უკრაინელმა ილია სკრიპნიკმა თავური დარტყმით გაათანაბრა - 1:1. ფაცაციასთვის და სკრიპნიკისთვისაც ეს მეორე გოლი იყო მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. გაგრასაც და მეშახტესაც 10-10 ქულა აქვთ.
ზოგადად, პირველი წრის 45 მატჩში გასულია 98 გოლი. საშუალოდ, 2,17 გოლი ერთ შეხვედრაში.
დაძაბულობაზე ეს ფაქტიც მიუთითებს: 16 თამაში ფრედ დასრულდა, 20 შეხვედრაში კი მინიმალური სხვაობა ვნახეთ. მხოლოდ 9 თამაშში იყო ორი, ან მეტბურთიანი სხვაობა.
პირველ წრეში ჰეთ-თრიქი არავის შეუსრულებია.