ჩემპიონმა კვლავ მოიგო; სპაერი-რუსთავი ფრედ დასრულდა

News

ჩემპიონმა კვლავ მოიგო; სპაერი-რუსთავი ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა: იბერია 1999-მა დინამო ბათუმს სტუმრად 3:0 მოუგო, ხოლო სპაერისა და რუსთავის დაპირისპირება ფრედ დასრულდა - 1:1.

სპაერი 1:1 რუსთავი 

ეროვნული ლიგა 2-დან დაწინაურებული გუნდები მშვენივრად გამოიყურებიან. მეორე-მესამე ადგილებზე არიან.

კონკრეტულად მათ დაპირისპირებაში კი ფრე დაფიქსირდა. მე-13 წუთზე რუსთავი დააწინაურა პრინს ოსეიმ, რომელმაც სოლომონ კესის ეფექტური პასი გამოიყენა, მეკარესთან პირისპირ გასულმა კი ზუსტად დაარტყა. მოკლედ. ერთმა განელმა მეორე განელის პასით გაიტანა.

სპაერმა მეორე ტაიმის საწყის წუთებში გაათანაბრა: გიგა სამხარაძის კუთხური და გუნდის კაპიტნის, ნიკოლოზ კენჭაძის ზუსტი თავური ვნახეთ - 1:1.

საერთოდ, ბევრი საგიოლე მომენტი იყო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

დინამო ბთ 0:3 იბერია 1999 

მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმში გაიმარჯვა და სამქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.

სხვათა შორის, პირველივე წუთებზე ბათუმელები ახლოს იყვნენ გოლის გატანასთან, მაგრამ მცველმა ვაჰიდ სელიმოვიჩმა გადაარჩინა სტუმრები: ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.

იბერიელებმა მე-10 წუთზე გახსნეს ანგარიში. პაატა ღუდუშაურმა გარღვევას არამუშა, მარჯვენა ფეხით დარტყმა მიაყოლა და 0:1.

58-ე წუთზე ბათუმელთა მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა საჯარიმოში წააქცია ვახო ბედოშვილი, დაინიშნა პენალტი და გიორგი ჯინჯოლავამ ზუსტად შეასრულა - 0:2.

მალევე ვნახეთ თბილისელთა კონტრშეტევა და მესამე გოლი. პაატა ღუდუშაურმა გააყოლა ბურთი არმელ ზოურის, კოტდივიუარელის ჩაწოდებას კი ამირან ძაგანიას ერთი შეხებით დარტყმა მოჰყვა და 0:3.  

იბერიელებმა ცოტა მძიმედ დაიწყეს სეზონი, მაგრამ ბოლო ტურებში მოუმატეს.