კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტური დასრულდა. შაბათს კიდევ სამი მატჩი გაიმართა: იბერია 1999 ისევ ლიდერია. ასევე მოიგეს გორის დილამ და ქუთაისის ტორპედომაც. შეიცვალა ლიდერი ბომბარდირთა დავაში, კერძოდ, ბიორნ იონსენმა პოკერი შეასრულდა და გიორგი ფანცულაიას გაუსწრო.
გორის დილამ სტუმრად აჯობა თელავს. სწრაფი გოლი ვნახეთ, კერძოდ, ბურკინაფასოელმა არუნა უატარამ ძლიერი დარტყმით გაუტანა თელაველებს.
მეორე ნახევარში კი განელმა ბლანკსონ ანოფმა გამოიყენა შოთა შეყილაძის პასი - 0:2. დილა ისევ მეორე ადგილზეა, თელავი კი საპირისპიროდ, ბოლოდან მეორეზეა.
წლეულს ამ გუნდების ოთხივე დაპირისპირება გორელებმა მოიგეს.
დილას მსგავსად, იბერია 1999-მაც 2:0 გაიმარჯვა. თბილისელებმა წყალტუბოელებს სძლიეს და კვლავაც ლიდერობენ.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, 52-ე წუთზე იბერიელები ამირან ძაგანიამ დააწინაურა. ძაგანიამ საჯარიმოს მისადგომებიდან მოულოდნელად, შემოტრიალებით დაარტყა.
ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი კოტდივუარელმა არმელ ზოურმა ბოლომდე იბრძოლა, მეტოქის ნახევარზე მეტოქეს ბურთი წაართვა, მეკარესაც გასცდა და ცარიელ კარში გაიტანა. ეს ზოურის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში,
ქუთაისელებმა ოთხბურთიანი სხვაობით მოუგეს ბათუმელებს. მე-9 წუთზე ბიორნ იონსენმა ახლოდან გაიტანა პაატა ღუდუშაურის პასით. მანამდე ვლადიმერ მამუჩაშვილმა გააკეთა მშვენიერი პასი ღუდუშაურზე.
მალევე, ბათუმელთა მცველ ლუკა ქაფიანიძეს საკუთარ კარში აეჭრა ბურთი - 2:0.
პირველივე ტაიმში ღუდუშაური ბათუმელთა საჯარიმოში წააქციეს, პენალტი დაინიშნა და იონსენმა ზუსტად დაარტყა.
ბათუმელებმა ასევე პენალტით შეამცირეს სხვაობა. უერდი მარაზე წესების დარღრვევას მოჰყვა თერთმეტმეტრიანი და ლუკა წულუკიძემ გამოიყენა - 3:1.
ზედ შესვენების მერე კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. ამჯერად ისევ ტორპედოს სასარგებლოდ და იონსენმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა.
მეორე ტაიმის შუაში ნორვეგიელმა ახლოდან კიდევ ერთხელ გაიტანა და პოკერი შეასრულა - 5:1.
იონსენს სეზონში 16 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე გადავიდა. იონსენმა 15-გოლიან გიორგი ფანცულაიას გაუსწრო.