დინამო თბილისისა და გარეჯის მოგებები, სამგურალი-გაგრას ფრე

News

დინამო თბილისისა და გარეჯის მოგებები, სამგურალი-გაგრას ფრე

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31-ე ტური დაიწყო. სამი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა თელავს სძლია, გარეჯმა აუტსაიდერ ფოთის კოლხეთი 1913-ს აჯობა, ხოლო სამგურალისა და გაგრას დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

სამგურალი 1:1 გაგრა 

წყალტუბოელებმა ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ, გაგრასთან ფრედ ითამაშეს. უგოლო პირველი ტაიმის მერე გუნდებმა შეტევას უფრო მეტი დრო დაუთმეს, მეორე ტაიმის შუაში გიორგი ხარებაშვილმა დაბალ კუთხეში დარტყმით დააწინაურა გაგრა. ხარებაშვილმა რიჩმონდ ადეიეს კარგი პასი გამოიყენა და ბოლო ორ შეხვედრაში სამი გოლი მოუგროვდა...

სამგურალმა ბოლოს, 86-ე წუთზე გაათანაბრა, კერძოდ, გიორგი ფანცულაიამ ახლო მანძილიდან გაიტანა. ეს მისი მე-15 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

იმერული გუნდი მეხუთე ადგილზეა და მეშვიდეზე მყოფ გაგრას ორი ქულით უსწრებს.  

დინამო თბ 3:0 თელავი 

თბილისის დინამოელებმა ბოლოსწინაადგილოსან თელავს აჯობეს.

პირველი გოლი მცველმა გიორგი გვასალიამ გაიტანა. საინტერესოა, რომ ეს 18 წლის გვასალიას პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მალევე თორნიკე მორჩილაძემ მახვილი კუთხიდან მაღალ კუთხეში გაუტანა თელაველთა მეკარე ოლექსი შევჩენკოს. მორჩილაძეს ამ სეზონში დინამოელთაგან ყველაზე მეტი გოლი აქვს - 11.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ნიკა ნინუამ მშვენივრად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და სხვაობა სამამდე გაზარდა. სიახლე არაა, რომ ნინუა ზოგადად კარგად ასრულებს საჯარიმოებს.

კოლხეთი 1913 1:3 გარეჯი 

აუტსაიდერი კოლხეთი 1913 საგარეჯოს გარეჯს უგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში სამი გოლი გაუშვა და 1:3 დამარცხდა. ფოთელები 10 ქულით ჩამორჩებიან მეცხრეზე მყოფ თელავს.

პირველი ტაიმის ბოლოს, ფოთელები ამარ ბეგიჩის გოლით დაწინაურდნენ. ბოსნიელს კარგი დარტყმა გამოუვიდა...

გარეჯმა მეორე ნახევარში მოუმტა და თხუთმეტწუთიან მონაკვეთში სამჯერ გაიტანა. ჯერ ლევან პაპავამ გაათანაბრა პენალტით. რამდენიმე წუთში კი ნიკა კაჭარავამ ბაჩანა მოსაშვილის პასს ეფექტურად ქუსლით დარტყმა მიაყოლა და 1:2.

გარეჯიდან მესამე გოლი კი ლუკა თოლორდავამ მიითვალა. ისევ მოსაშვილის პასი და თოლორდავამ თავით გაიტანა. სხვათა შორის, ორივე გოლის ავტორი, კაჭარავაც და თოლორდავაც შეცვლაზე შევიდნენ.

საგარეჯოელები მერვე ადგილზე არიან და ეცდებიან, რომ საშიშ ზონას თავი დააღწიონ.