კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-11 ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა. გორის დილამ გაგრას მოუგო, ხოლო იბერია 1999-მა ქუთაისში ტორპედოს აჯობა. თბილისელებმა სეზონში უკვე მერვე მატჩი ჩაატარეს გოლგაუშვებლად.
გორელებმა მორიგი მატჩი მოიგეს. ამჯერად გაგრასთან, რომლისთვისაც ეს ზედიზედ მესამე წაგებაა.
თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა გაგრას ფორვარდი გიორგი გაბედავა გააძევეს. არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა VAR-ზე ნახა ეპიზოდი: გაბედავა რომარიკ ეტოუს ეუხეშა და ამის გამო მიიღო წითელი ბარათი.
მე-20 წუთზე გორელებმა ანგარიში გახსნეს, კონკრეტულად კი, შოთა შეყილაძის გარღვევასა და პასს მოჰყვა ოთარ ფარულავას ზუსტი დარტყმა. ეს ფარულავას პირველი გოლია სეზონში. არ აღნიშნა, რადგან ადრე გაგრაში თამაშობდა...
ბევრი საგოლე მომენტი ვნახეთ, ბოლოს კი 2:0 გახდა ანგარიში. 18 წლის ბურკინაფასოელმა არუნა უატარამ ირაკლი ბუღრიძის პასის მერე დასწრებაზე ითამაშა კარგად და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მოქმედმა ჩემპიონმა იბერია 1999-მა ქუთაისში 1:0 იმარჯვა. ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა.
კარგი კომბინაცია იყო, ბოლო პასი მცველმა დერეკ აგიაკვამ გააკეთა და მამაგეიშვილმა ახლო კუთხეში დარტმით შანსი არ დაუტოვა ფილიპ კლიაიჩს. ეს გიზოს მესამე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ერთხელ იბერიელთა მეკარე გიორგი მაკარიძემ კარის ხაზზე გააჩერა ბურთი, ერთხელაც ტორპედოელ პაატა ღუდუშაურს სიზუსტემ უმტყუნა.
იბერია 1999 ლიდერია. 8 მოგება და 3 ფრე აქვს. გუნდს თამაში არ წაუგია და 8 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად. ტორპედო კი ამ დროისთვის მეხუთე ადგილზეა და 15 ქულით ჩამორჩება ლიდერს.