იბერია 1999 vs თელავი - მატჩის შესახებ
დღეს, მიხეილ მესხის სახელობით სტადიონზე, სტარტს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის გათამაშება აიღებს. ახალი სეზონი, ქვეყნის ჩემპიონი - იბერია 1999-ის და თელავის მატჩით გაიხსნება, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება. დღეს, მიხეულ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში, მასპინძელი გუნდის პრესკონფერენცია გაიმართება.
ლევან კორღალიძის გუნდი, სეზონს სახეცვლილი შემადგენლობით ხვდება. გუნდის კაპიტანი, გიორგი კოხრეიძე ქუთაისის ტორპედოში გადავიდა; წინა ხაზის ლიდერი - შეიკნე სილა თურქულ ერზურუმსპორში, ხოლო იბერიას აღზრდილმა, 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა - ოთო მამაგეიშვილმა პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბთან - ფამალიაკოსთან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
იანვარში, საქართველოს ჩემპიონმა, სურინამელი ნახევარმცველი, დორასო კალასი და 23 წლის ქართველი ფორვარდი, ამირან ძაგანია დაიმატა, რომელმაც შარშან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში, ვიტ ჯორჯიას ფორმით 20 გოლის გატანა შეძლო.
ხოლო თებერვალში, გუნდში მოვიდნენ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი - დავით სხირტლაძე; საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილი შემტევი - ნიკა ხორხელი და ლუკა სილაგაძე, რომელიც ლატვიური რფს რიგას მოთამაშე გახლდათ.
ცვლილებებით ხვდება სეზონს თელავიც, იანვარში გუნდი ვალერი გაგუამ ჩაიბარა, რომელიც მანამდე თბილისის დინამოს ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა, ხოლო შარშან, დინამო 2-ის მწვრთნელი გახლდათ. გუნდს შემოუერთდნენ 21-წლამდე ნაკრების კანდიდატი - ჯადული იობაშვილი; ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე - ვატო არველაძე; ბოლნისის სიონიდან - ანდრია დევდარიანი და ნიკოლოზ ცეცხლაძე, რომელიც თბილისის დინამოდან იჯარით თელავში ითამაშებს.
ახალი სეზონი - განახლებული რეპორტაჟებით
მოახლოებულ სეზონში, ტურის ცენტრალური მატჩის რეპორტაჟს მატჩისწინა გადაცემა დაემატა, რომელსაც დავით მინაშვილი და ნია წივწივაძე გაუძღვებიან. უყურეთ განახლებულ რეპორტაჟს დღეს, ჩვენს იუთუბზე 18:45-დან.