პენალტის ფასი... თელავმა მოიგო, სამტრედია-დინამო თბილისი ფრედ დასრულდა

News

პენალტის ფასი... თელავმა მოიგო, სამტრედია-დინამო თბილისი ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ცხრილის ქვედა ნაწილში შეიცვალა მდგომარეობა, თელავმა კონკურენტ ფოთის კოლხეთი 1913-ს მოუგო, ხოლო აუტსაიდერმა სამტრედიამ ფრედ ითამაშა დინამო თბილისთან.

თელავი 3:0 კოლხეთი 1913 

თელავმა ბოლო სამი მატჩიდან ორი მოიგო. მეცხრე ადგილზე დარჩა, მაგრამ ზემოთ ანაცვლების შანსი გაეზარდა. ცხრილიც უფრო დამაინტრიგებელი გახდა. აი, კოლხეთი 1913-ს კი 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ფოთელები მერვეზე არიან.

სწრაფი გოლი ვნახეთ. თელაველთა შემტევი სიდიკი ტრაორე წააქციეს და არბუტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა პენალტი, რომელიც ანტონ თოლორდავამ გამოიყენა.

პირველი ტაიმის შუაში მასპინძელთა სერბმა თავდამსხმელმა დეიან გეორგიევიჩმა თავურით გაიტანა. საგოლე პასი ლადო ოდიშვილის იყო და ისიც თავურით.

73-ე წუთზე ფოთელებს მიეცათ ანგარიშის შემცირების მშვენიერი შანსი. პენალტი...მაგრამ გაბრიელ ფერეირამ ხარიხას მოარტყა ბურთი.  

თელავმა მშვიდად მიიყვანა საქმე ბოლომდე. მეტიც, ბოლო წუთებზე კი შეცვლაზე შესულმა ტატო ჟივიძემ დაასრულა კონტრშეტევა. ეს ჟივიძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. 3:0.

სამტრედია 1:1 დინამო თბ 

ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ორივე დაახლოებით 13-14 მეტრიდან, მეკარისგან მარცხენა კუთხეში.

ჯერ დინამოელთა შემტევმა ვახტანგ სალიამ გაიტანა (სეზონში მეექვსე გოლი), მერე კი სამტრედიელთა განელმა თავდამსხმელმა დანიელ ოვუსუმ გაათანაბრა. ოვუსუს წლეულს 5 გოლი მოუგროვდა. დაძაბული თამაში კი გამოვიდა, მომენტები საკმაოდ იყო.

ბოლო წუთზე დინამოელთა 16 წლის მცველი საბა ხარებაშვილი გააძევეს უხეშობისთვის.

დინამო თბილისი მეხუთე ადგილზეა, სამტრედია კი ბოლოზე: იმერული გუნდი 4 ქულით ჩამორჩება მეცხერადგილოსან თელავს.