კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ე ტური დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა. ვნახეთ დაძაბულობა, ლამაზი გოლები, პენალტები, გაძევებები.
იბერიელები ლიდერობენ, სამტრედია კი ბოლოსწინაზეა. თბილისელებმა ბოლო რვა მატჩიდან ექვსში გაიმარჯვეს.
ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე გავიდა, შეცვლაზე შესული ფეხბურთელების წყალობით. გიორგი ტაბატაძის გარღვევასა და პასს მოჰყვა ირაკლი სიხარულიძის ზუსტი დარტყმა - 0:1.
სიხარულიძემ ამ სეზონში 5 გოლი გაიტანა და ხუთივე ბოლო წუთებზე. მისმა გატანილებმა იბერიელებს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა.
წყალტუბოში 45-ე წუთამდე 0:0 იყო, მაგრამ მალევე ლევან კუტალიამ დუბლი შეასრულა.
კუტალიამ ჯერ თედო კიკაბიძის ჩაწოდებას მიაყოლა თავური, მერე კი ლუკა ხორხელის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა. პენალტი არბიტრმა კობა რევაზაშვილმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა.
ისე, კუტალია სამგურალში სწორედ დინამო ბათუმიდან გადავიდა და ყოფილ გუნდს გაიტანა გოლები.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა რევაზ ინჯგიამ საშუალო მანძილიდან ფარტყმით შეამცირა სხვაობა - 2:1.
69-ე წუთზე კურიოზული გოლი ვნახეთ. ბათუმელთა მცველმა ლუკა ქაფიანიძემ მეკარე ლუკა ხარატიშვილს უკან დაუბრუნა ბურთი, რომელიც ოდნავ ახტა და კარში შევარდა - 3:1.
ბათუმელებმა მაინც მოახერხეს თამაშის გადარჩენა. ჯერ მამუკა კობახიძემ თავურით შეამცირა სხვაობა, ბოლოს კი ესპანელმა ჯალენ ბლესამ ასევე თავურით 3:3 გახადა ანგარიში. ეს ბლესას პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
სამგურალი მეექვსე ადგილზეა, დინამო ბათუმი კი მეოთხეზე. მათ შორის სხვაობა 14 ქულაა.
ისე, მატჩის დაწყებამდე ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელს ლუკა ხორხელს პრიზი გადაეცა.
გაგრამ ფოთის კოლხეთი 1913-ს სძლია და ქულებით მიუახლოვდა. ახლა ამ ორ გუნდს შორის ერთი ქულაა სხვაობა, ფოთელები არიან წინ.
პირველი გოლი პენალტით გავიდა. გიორგი ლომთაძემ დააწინაურა გაგრა. პენალტის ეპიზოდში სტუმრებს კაცი გაუძევეს, კერძოდ, მცველი მაჰამატ ტიამი (საკუთარ კართან ხელით თამაშისთვის).
პირველივე ტაიმში გაგრელთა საუკეთსო ბომბარდირმა გიორგი ხარებაშვილმა ითამაშა კარგად, მეკარეც მოატყუა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. ეს ხარებაშვილის მეშვიდე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მეორე ნახევარში, 70-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, კერძოდ, გიორგი მელქაძის კარგ პასს მოჰყვა კირილ კლიმოვის გოლი - 2:1.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კი ბევრი რამ მოხდა. ფოთელებს ჯერ გიორგი მელქაძე გაუძევეს მეორე ყვითელის გამო, მერე კი გიორგი ახალაძესაც უჩვენეს წითელი ბარათი ბოლო იმედის ჯარიმისთვის. ასე რომ, კოლხეთი 1913-მა 8 კაცით დაასრულა თამაში.
იმ ჯარიმას პენალტიც მოჰყვა ფოთელთა კარში და ლევან გეგეჭკორმა 3:1 გახადა ანგარიში.