კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა თელავს ოთხბურთიანი სხვაობით მოუგო, ხოლო ფოთელთა და სამტრედიელთა დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.
დინამო თბილისმა აუტსაიდერ თელავს დამაჯერებლად მოუგო. დინამოელებმა ზედიზედ მერვე წაუგებელი მატჩი ჩაატარეს, თელავს კი ცუდი სერია აქვს: ზედიზედ ოთხჯერ წააგო და ზოგადად ბოლო 14 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა.
პირველ ტაიმში ნიკა ნინუას ორ კუთხურს მოჰყვა თავურით გოლები: ჯერ საბა ხვადაგიანმა გაიტანა, მერე კი ვახტანგ სალიამ - 2:0.
მე-60 წუთზე სალიამ დუბლი შეასრულა, კერძოდ, მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს ახლოდან დაამატა. რამდენიმე წუთში 4:0 გახდა: დომინიკ რაიტერის საგოლე პასი და ვასილიოს გორდეზიანის გატანილი.
მერე თელაველთა სერბმა ფორვარდმა დეიან გეორგიევიჩმა შორიდან ძლიერი დარტყმით შეამცირა სხვაობა, თუმცა მალევე მათე ვაწაძემ გაიტანა ბენსონ ანანგის მშვენიერი პასის შემდეგ - 5:1. ვაწაძის პირველი მატჩი მშობლიური კლუბის დაბრუნების შემდეგ და პირველი გოლიც.
და კიდევ, მატჩის წინ დინამოელებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საფეხბურთო კლუბი ვორიორსი დაასაჩუქრეს. პატარა გულშემატკივრებს უმასპინძლეს და სიმბოლურად სავარჯიშო ინვენტარი გადასცეს.
უგოლო მატჩი. მომენტები ორივე მხარეს იყო, პენალტიც გაფუჭდა: სამტრედიელთა მცველი ლაშა კვარაცხელია წააქციეს და პენალტი რატო არდაზიშვილმა დაარტყა, თუმცა კარს ააცილა ბურთი.
სამტრედიელებს ამ ტურამდე ზედიზედ სამი თამაში ჰქონდათ მოგებული. აი, კოლხეთი 1913-ისთვის კი ეს ზედიზედ მერვე მოუგებელი მატჩი იყო. ფოთელები მეშვიდე ადგილზე არიან, სამტრედია კი მეცხრეზეა.