სამტრედიამ ზედიზედ მესამედ მოიგო, დილამ ხუთჯერ გაიტანა

News

სამტრედიამ ზედიზედ მესამედ მოიგო, დილამ ხუთჯერ გაიტანა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 28-ე ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა. იმერულ დერბიში სამტრედია ლიდერ ტორპედოსთან აგებდა, მაგრამ გაიმარჯვა. გორის დილამ კი 5:0 სძლია გაგრას.

გაგრა 0:5 დილა 

დილამ დიდი ანგარიშით მოუგო გაგრას. ახლა გორელებს და იბერია 1999-ს თანაბარი ქულები აქვთ, მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ ტორპედოს. გაგრა კი მერვეზეა.

პირველ ტაიმში ერთი გოლი გავიდა, კერძოდ, ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა ითამაშა კარგად და პირისპირ გასულმა ცაციით ზუსტად დაარტყა - 0:1.

მეორე ნახევრის შუაში შოთა შეყილაძემ ახლოდან ვარდნაში დაარტყა და სეზონში მერვე გოლი მიითვალა. მე-80 წუთზე ჟან-მარკ ტიბუეს პასს მოჰყვა ირაკლი ბუღრიძის დარტყმა და სხვაობა სამამდე გაიზარდა. რამდენიმე წუთში ისევ ბუღრიძემ გაიტანა და ამჯერად იბრაჰიმა დრამეს პასით...

ბოლოს კი ვაუტერმა დაამთავრა: დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი მე-16 გოლი გაიტანა. ვაუტერი ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, ტორპედოელ ბიორნ იონსენს 19 გოლი აქვს.

სამტრედია 2:1 ტორპედო 

სამტრედიამ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლა: თელავს გაუსწრო. აი, ტორპედო კი ლიდერია, მაგრამ ამჯერად ორი ქულითღა უსწრებს მდევრებს.

იმერულ დერბიში სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ჯერ ტორპედო დაწინაურდა ცოტნე ფაცაციას გოლით, მერე კი სამტრედიელებმა ხასიათი გამოავლინეს: რატი არდაზიშვილის ჭკვიანურ პასს მოჰყვა ლუკა ელბაქიძის ბოლო გადაცემა და ინიგო მარტინმა ახლოდან დარტყმით გაათანაბრა - 1:1.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი სამტრედიელთა კონტრშეტევა დასრულდა გოლით: ჟოზეფ ამოაკოს გარღვევასა და ჩაწოდებას მოჰყვა როინ ოდიშელიძის ერთ შეხებაში დარტყმა და გოლიც გავიდა... ეს ოდიშელიძის პირველი გოლია წლეულს.