ტორპედოს თავურები და სამი ქულა

News

ტორპედოს თავურები და სამი ქულა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთი მატჩი გაიმართა. მე-20 ტურიდან გადადებული შეხვედრა: ქუთაისის ტორპედომ შინ თბილისის იბერია 1999-ს მოუგო...

ტორპედო 2:1 იბერია 1999 

მატჩი 11 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა იბერია 1999-ს კონფერენციის ლიგის თამაში უწევდა, მჭიდრო კალენდარი ჰქონდა და ტორპედოც ამ ამბავს გაგებით მოეკიდა, ანუ გადადებას დათანხმდა. 

ორივე გუნდს 45-45 ქულა ჰქონდა და ლიდერ გორის დილას სამი ქულით ჩამორჩებოდნენ, ახლა კი ქუთაისელები გორელებს გაუთანაბრდნენ. 

თამაშს რაც შეეხება: პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, 52-ე წუთზე კი თბილისელები დაწინაურდნენ. გიზო მამაგეიშვილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია და დამატებაზე ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა - 0:1. 

ტორპედომ თავურებით მოატრიალა თამაში, თან ოთხწუთიან მონაკვეთში მიითვალა ორი გოლი. ჯერ ფელიპე პირესის გარღვევასა და ჩაწოდებას მოჰყვა ნორვეგიელი ბიორნ იონსენის თავური, მერე კი ლაშა შერგელაშვილის ჩაწოდებულზე ცოტნე ფაცაციამ ითამაშა კარგად და საბოლოოდ 2:1. 

იონსენისთვის ეს მე-15 გოლი იყო სეზონში და სამბურთიანი ფორით ლიდერობს ბომბარდირთა სიას. ფაცაციამ კი ტორპედოს მაისურით მეორედ გაიტანა. და საინტერესოა, წინა ტურში ტორპედომ 2:0 აჯობა კოლხეთი 1913 და მაშინაც იონსენისა და ფაცაციას გოლებით.