ტური 18: ტორპედომ, სამგურალმა და დინამო თბილისმა მოიგეს

News

ტური 18: ტორპედომ, სამგურალმა და დინამო თბილისმა მოიგეს

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურის, ანუ მეორე წრის 4 მატჩი. ტორპედომ ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა; დინამო თბილისმა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა; ბათუმელები სამტრედიაში ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ და... საბოლოოდ 2:2. სამგურალმა კი იბერია 1999-ს სტუმრად სძლია.

ტორპედო 1:0 თელავი 

ქუთაისელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს და წაუგებელი თამაშების სერია 13-მდე გაზარდეს. სწრაფი გოლი გავიდა: ბიორნ იონსენმა მოიპოვა პენალტი და თავადვე ზუსტად შეასრულა - 1:0. ეს იონსენის მე-11 გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

ტორპედომ სეზონის პირველი ნახევარი მეორე ადგილზე დაასრულა. აი, თელავი კი ბოლოდან მეორეზეა, ანუ მეცხრე ადგილზე.

კარგი ჟესტი ტორპედოს ფან-კლუბისგან (ჯუნგლებისგან): მინდორზე სათამაშოები ისროლეს. ეს საჩუქრები მზრუნველობამოკლებულ ბავშვებისთვისაა. 1 ივნისი ხომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

დინამო თბ 2:0 გაგრა 

გუნდებს ამ ტურამდე თანაბარი ქულები ჰქონდათ. დინამო თბილისმა მეორე ტაიმში გატეხა გაგრა. ჯერ ფრანგმა დომინიკ საიმონმა გაიტანა თავურით, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი 16 წლის ვახტანგ სალიამ კონტრშეტევისას მეორე გოლი მიითვალა - 2:0.

დინამო თბილისმა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მეხუთე ადგილზეა. გაგრა კი მერვე საფეხურზეა.

იბერია 1999 1:2 სამგურალი 

იბერია 1999 ბოლო 7 შეხვედრაში 5-ჯერ დამარცხდა... ხოლო სამგურალმა წლეულს პირველად მოიგო გასვლაზე.

პირველ ტაიმში სამგურალი გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა. ეს მისი მეექვსე გოლია სეზონში და აქედან 5 ბოლო 5 ტურში გაიტანა. ფანცულაიამ დემურ ჩიხლაძის პასის მერე თავზე გადაუგდო ბურთი ლაზარე კუპატაძეს - 0:1.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში შოთა ნონიკაშვილმა გაათანაბრა ოსტატური დარტყმით. ეს ნონიკაშვილის მერვე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. შოთა მესამე ადგილზეა ბომბარდირთა სიაში. 11-გოლიან ბიორნ იონსენსა და 9-გოლიან ტაირელ ვაუტერს ჩამორჩება.

და რაც შეეხება გამარჯვების გოლს... 65-ე წუთზე ჩიხლაძემ საჯარიმო შეასრულა, თან ჩაწოდება, თან დარტყმა და ბურთი შორეულ კუთხეში შევარდა - 1:2.

სამტრედია 2:2 დინამო ბთ 

მოქმედი ჩემპიონი ორი ბურთის სხვაობით იგებდა სამტრედიაში, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლებმა გაათანაბრეს და მატჩი 2:2 დასრულდა.

33-ე წუთზე ბათუმელები ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა, რომელიც ფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა და ვანდერსონ სილვას პასი გამოიყენა. მეორე ტაიმში პაატა ღუდუშაურის გარღვევასა და პასს მოჰყვა ლევან ხარაბაძის ახლოდან გატანილი. ეს ხარაბაძის პირველი გოლია მიმდინარე სეზონში - 0:2.

სამტრედიამ ჯერ არგენტინელი ერიკ ბარიოსის თავურით შეამცირა სხვაობა, ხოლო შემდეგ ასეთი გოლი გავიდა: ბათუმელები სახიფათო კონტრსტევას იწყებდნენ, როცა სამტრედიელთა მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი კარიდან საკმაოდ წინ გამოვიდა და მშვენიერი პასიც გამოუვიდა რევაზ ინჯგიაზე, რომელმაც განელი დანიელ ოვუსუ მოძებნა და მანაც კარგი პოზიციიდან გაიტანა - 2:2.

სხვათა შორის, ბარიოსმაც და ოვუსუმაც სადებიუტო გოლები გაიტანეს საქართველოში.

სამტრედია ბოლო ადგილზეა, თუმცა ბოლო სამი მატჩი არ წააგო. სამივე ფრედ დაასრულა. ბათუმელები კი მეოთხეზე არიან.