ულამაზესი გოლები... იბერია 1999-მა, ტორპედომ და გაგრამ მოიგეს

News

ულამაზესი გოლები... იბერია 1999-მა, ტორპედომ და გაგრამ მოიგეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-15 ტური დასრულდა. სამი მატჩი გაიმართა და ჯამში 14 გოლი გავიდა. თან ძალიან ლამაზი გოლებიც.

გაგრამ თელავს სძლია, ქუთაისის ტორპედომ ფოთის კოლხეთი 1913-ს აჯობა და იბერია 1999-მა ბათუმში მოუგო მოქმედ ჩემპიონ დინამოს.

გაგრა 2:0 თელავი 

გუნდებს ამ ტურამდე თანაბარი ქულები ჰქონდათ, მაგრამ გაგრამ 2:0 გაიმარჯვა და მეშვიდე ადგილზეა, თელავი კი - მეცხრეზე.

ორივე გოლი ლამაზი იყო: მეორე ტაიმის დასაწყისში მათე ვაწაძემ ბრწყინვალე მაკრატელათი დააწინაურა გაგრა. გუნდის კაპიტნის გოლი-მშვენება.

შეხვედრის ბოლოს კი გიორგი ხარებაშვილმა შორიდან ცხრიანში გაიტანა - 2:0. გაგრას ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი გამარჯვება აქვს.

კოლხეთი 1913 2:5 ტორპედო 

შვიდი გოლი ვნახეთ და შვიდივე სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა. პირველი ტაიმის შუაში ელიტონ ჟუნიორმა შესანიშნავი ჩახვეული დარტყმით დააწინაურა ტორპედო, ხოლო მერე ჟორჟინიომ გაზარდა სხვაობა და 0:2.

მეორე ტაიმი დაიწყო და მალევე ფოთელთა ნახევარმცველმა გიორგი ხარებავამ საჯარიმო დარტყმით დაძაბა თამაში - 1:2. თუმცა ექვს წუთში ტორპედოს ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ბიორნ იონსენმა ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით და სხვაობა ისევ ორბურთიანი გახდა. ეს იონსენის მერვე გოლია სეზონში.

მატჩის ბოლო წუთებში კიდევ სამი გოლი გავიდა. ჯერ ბრაზილიური გათამაშება: ელიტონ ჟუნიორის პასი და ფელიპე პირესის ზუსტი დარტყმა - 1:4. მერე კი პირესმა მილოშ ნინკოვიჩს გაატანინა...

ბოლოს ფოთელთა ნახევარმცველმა გიორგი მელქაძემ პენალტით დააფიქსირა საბოლოო ანგარიში - 2:5.

ტორპედოს 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო კოლხეთი 1913-ს ოთხი თამაშია არ მოუგია და მერვე ადგილამდე დაქვეითდა.

დინამო ბთ 2:3 იბერია 1999 

ბათუმელები ორჯერ იგებდნენ, მეორე გოლი სულაც კაცნაკლულებმა გაიტანეს, მაგრამ საბოლოოდ წააგეს 2:3. ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი ბოლო ხუთ შეხვედრაში სამჯერ დამარცხდა, მესამე ადგილზეა და უკვე 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ გორის დილას...

მასპინძლები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, გიორგი წიტაიშვილმა ოსტატურად დაამუშავა ბურთი და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:0.

მალევე, ბათუმელებს გაუძევეს ჟან ვიქტორი, რომელიც მოედნის ცენტრში ეუხეშა გიორგი კოხრეიძეს. არბუტრმა კონსტანტინე გიორგაძემ ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა ჟან ვიქტორს, მაგრამ VAR-ზე გადაამოწმა და წითლით შეცვალა.

პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი სტუმართა მალელმა თავდამსხმელმა შეიკნე სილამ დასწრებაზე ითამაშა და გაათანაბრა ანგარიში.

67-ე წუთზე ტურის კიდევ ერთი ლამაზი გოლი ვნახეთ: ბათუმელთა გარემარბმა პაატა ღუდუშაურმა ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით.

ბათუმელები კარგა ხანს ინარჩუნებდნენ სასურველ ანგარიშს, თუმცა 89-ე წუთზე იბერიელთა საყრდენმა ბაქარ ქარდავამ ძლიერი დარტყმით გაათანაბრა - 2:2.

გამარჯვების გოლი კი შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე. ნონიკაშვილმა დაბალი დარტყმით შანსი არ დაუტოვა მეკარეს. ეს მისი მერვე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში - 2:3. იბერია 1999 მეორე ადგილზეა.

ამ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც დაესწრო.