კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-14 ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა: ქუთაისის ტორპედომ მოქმედ ჩემპიონ დინამო ბათუმს ელიტონ ჟუნიორის ლამაზი გოლით მოუგო და სამეულს მიუახლოვდა, ხოლო თელავისა და ფოთის კოლხეთი 1913-ის დაპირისპირებაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა...
ბოლო დროს ორივე გუნდი უფრო ხშირად ფრედ თამაშობს და აი, ერთმანეთთანაც ვერ გაარკვიეს გამარჯვებული.
1:1. გოლები პირველი ტაიმის ხუთწუთიან მონაკვეთში გავიდა. თელავი დაწინაურდა თორნიკე ახვლედიანის გოლით. ახვლედიანმა ბურთი წაართვა დავით მეგრელიშვილს, მეკარესთან პირისპირ გავიდა, ისიც მოატყუა და გატანა აღარ გასჭირვებია. ეს ახვლედიანის მეორე გოლია მიმდინარე სეზონში.
სტუმართაგან გიორგი აბუაშვილმა გაათანაბრა მშვენიერი გოლით: შორიდან ცაციით ჩაახვია შორეულ კუთხეში. ეს აბუაშვილის მეოთხე გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
თელაველები მეშვიდე ადგილზე არიან, ფოთელები კი ერთი საფეხურით წინ დგანან.
ქუთაისელებმა მოქმედ ჩემპიონს მოუგეს: ერთადერთი გოლი პირველ ნახევარში ბრაზილიელმა ელიტონ ჟუნიორმა გაიტანა. დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერი დარტყმით... ეს ელიტონ ჟუნიორის პირველი გოლია საქართველოში.
ბათუმელებმა ბოლო ნახევარი საათი ათი კაცით ითამაშეს. არბიტრმა ჯენერი ხორავამ VAR-ზე გადამოწმების მერე, სტუმართა კაპიტან მამუკა კობახიძეს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
ტორპედოს ზედიზედ 5 ფრე ჰქონდა და ეს სერია შეწყვიტა. პლუს, სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი ბოლო 9 ტურში არ დამარცხებულა.
ქუთაისელები მეოთხე ადგილზე არიან, თუმცა მესამეადგილოსან დიანმო ბათუმს მხოლოდ 4 ქულითღა ჩამორჩებიან.