პირველი წრე დასრულდა: ორივე დინამომ მოიგო, დილამაც გაიმარჯვა

News

პირველი წრე დასრულდა: ორივე დინამომ მოიგო, დილამაც გაიმარჯვა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეცხრე ტური, ანუ პირველი წრე დასრულდა. ორივე დინამომ გაიმარჯვა, გორის დილამაც მოიგო და კიდევ... ვნახეთ ერთ მატჩში დანიშნული ოთხი პენალტი და აქედან სამი მეკარეებმა მოიგერიეს.

გაგრა 0:2 დინამო თბ 

დინამო თბილისს ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ნავსი გატეხა. დინამოელებმა აუტსაიდერ გაგრას სძლიეს...

გოლებს რაც შეეხება, მეორე ტაიმში ვნახეთ. 64-ე წუთზე ნიკოლოზ უგრეხელიძემ მოახერხა კიკე ჩაწოდების მერე ზუსტად დარტყმა. რამდენიმე წუთში კი თორნიკე ოქრიაშვილის კარგ მოქმედებასა და პასს მოჰყვა ვასილიოს გორდეზიანის ახლოდან გატანილი - 0:2.

დინამო თბილისს სამ-სამი მოგება-ფრე-წაგება აქვს.


კოლხეთი 1913 1:3 დილა 

აი, ამბები: ოთხი პენალტი დაინიშნა ამ შეხვედრაში და აქედან მხოლოდ ერთი გავიდა. დანარჩენი სამი მეკარეებმა მოიგერიეს.

გორის დილამ მოგებით დაასრულა პირველი წრე.

პირველი ტაიმის შუაში დილას კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ პენალტი ვერ გამოიყენა: მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა მოიგერია ბურთი.

პირველი ტაიმის ბოლოს კი დილამ მაინც მოახერხა გატანა და თან ორჯერ. ორივეჯერ ჟოაუ ნობრეგას პასით: ჯერ შოთა შეყილაძემ დაარტყა ცხრიანში,მერე კი იბრაჰიმა დრამემ თავურით 0:2 გახადა ანგარიში.

მთელი ამბები წინ იყო... მეორე ნახევრის საწყის წუთებში დილას მეკარე დავით კერესელიძემ პენალტი აუღო გიორგი მელქაძეს. და მხოლოდ ეს? 64-ე წუთზე კერესელიძემ კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი მოიგერია, ამჯერად გიორგი აბუაშვილს არ გაატანინა.

ასეთს ხშირად ნახავთ? სამი პენალტიდან არცერთი არ გავიდა. სამივეჯერ მეკარეებმა იმარჯვეს. მოგვიანებით კიდევ ერთხელ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი და ფოთელთა ფორვარდმა კირილ კლიმოვმა ამჯერად მოახერხა გატანა...

თუმცა ამ დროს დილა უკვე სამი ბურთით იგებდა. კლიმოვის პენალტამდე რამდენიმე წუთით ადრე, მალელმა აბუბაქარ კონტემ დაბალი გამოზომილი დარტყმით გაიტანა. დილა მესამე ადგილზეა...

დინამო ბთ 3:1 სამტრედია 

დინამო ბათუმი სამტრედიასთან აგებდა, თუმცა საბოლოოდ გაიმარჯვა და ცხრილში მეორე ადგილზეა. აი, სამტრედია კი მერვეა.

27-ე წუთზე სამტრედიამ კონტრშეტევაზე გაიტანა, კერძოდ, რევაზ ინჯგიას პასის მერე მეკარესთან პირისპირ გავიდა ომრან ჰაიდარი, ბევრი ირბინა და ბოლოს ზუსტად დაარტყა. ეს ჰაიდარის მეოთხე გოლია მიმდინარე სეზონში.

ტაიმის ბოლოს კი ბათუმელთა შემტევ გიორგი წიტაიშვილს გამჭოლი პასის მერე ლეო ასუნსეუს თავის კარში აეჭრა ბურთი.

წიტაიშვილის მარცხნიდან შესვლები და პასები გამოდგა გადამწყვეტი... 88-ე წუთზე გიორგის ჩაწოდებას მოჰყვა პაატა ღუდუშაურის თავური და ბათუმელები წინ გავიდნენ.

და ბოლოს კონტრშეტევაზე წიტაიშვილის კიდევ ერთი გასწვრივი სახიფათო პასი ვნახეთ, რასაც დავით მუჯირის დასწრებაზე კარგი თამაში მოჰყვა და 3:1.