იბერიელთა და ტორპედოელთა მოგებები, დუბლები და მშვენიერი გოლები...

News

იბერიელთა და ტორპედოელთა მოგებები, დუბლები და მშვენიერი გოლები...

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის ორი მატჩი. თბილისის იბერია 1999-მა ჩემპიონ დინამო ბათუმს 3:0 მოუგო, ხოლო ქუთაისის ტორპედომ დრამატულ შეხვედრაში კაცნაკლულმა შემოატრიალა თამაში ფოთის კოლხეთი 1913-თან და 3:2 იმარჯვა.

იბერია 1999 3:0 დინამო ბთ 

გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა იბერია 1999-მა დიდი ანგარიშით სძლია მოქმედ ჩემპიონს. პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა გიორგი კოხრეიძემ. ეს მისი მეორე დუბლია ამ სეზონში...

მეორე ნახევარში კი საბა მამაცაშვილმა კიდევ ერთხელ აიღო ბათუმელთა კარი. 3:0. კომბინაციებით გატანილი გოლები ვნახეთ. ბოლოს ბათუმელთა შტატიან პენალტის ვლადიმერ მამუჩაშვილს შეეძლო ანგარიშის შემცირება, თუმცა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა: ძელს მოარტყა ბურთი...

საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი იბერია 1999 მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ ბათუმელებს. ჩემპიონებს ამ ტურამდე ქულა არ ჰქონდათ დაკარგული...

ტორპედო 3:2 კოლხეთი 1913 

ქუთაისელები ჯერ იგებდნენ, შემდეგ აგებდნენ და მაინც მოახერხეს გამარჯვება.

პირველ ტაიმში გიორგი არაბიძემ შორიდან დარტყმით ლამაზი გოლი მიითვალა, რასაც ფოთელთა ნახევარმცველ საბა ფირანაშვილის ასევე შორიდან გატანილი ეფექტური გოლი მოჰყვა - 1:1. პირველი ტაიმის ბოლოს კი ფოთელები კირილ კლიმოვმა დააწინაურა...

ამ დროს ტორპედო უკვე 10 კაცით იყო, რადგან 35-ე წუთზე ცოტნე ნადარაია გააძევეს.

თუმცა სწორედ კაცნაკლულმა ტორპედომ მოატრიალა თამაში: მეორე ტაიმის შუაში არაბიძემ წაიღო ბურთი ფლანგიდან, მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია და ლაშა შერგელაშვილმა თავით დაამატა - 2:2.

79-ე წუთზე კი არაბიძემ ულამაზესი გოლი გაიტანა. შორიდან ცხრიანში მოჭრილი დარტყმით... 3:2. გიორგი არაბიძეს მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 4 გოლი მოუგროვდა.

ტორპედო და კოლხეთი 1913 ცხრილში მეზობლად, შესაბამისად მეოთხე და მეხუთე ადგილზე არიან.