უხვგოლიანი... სამივე თამაში მასპინძლებმა მოიგეს

News

უხვგოლიანი... სამივე თამაში მასპინძლებმა მოიგეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. მაჟორულ ნოტაზე, საქართველოს ნაკრების ასეთი წარმატების შემდეგ: ქვეყნის მთავარი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, ოცნება ახდენილია...

დღეს კი მეხუთე ტურის სამი მატჩი გაიმართა. სამივე მასპინძლებმა მოიგეს. საინტერესოა, რომ სამივე შეხვედრაში აგებდნენ. ჯამში 13 გოლიც ვნახეთ, მათ შორის ზოგიერთი ფეხბურთელისთვის  სადებიუტოებიც...

დილა 3:1 იბერია 1999 

გორში თავიდან იბერია 1999 დაწინაურდა. შოთა ნონიკაშვილის მშვენიერ პასს მოჰყვა შეიკნე სილას მეკარესთნ პირისპირ გასვლა, მალელმა ფორვარდმა ძელს მოარტყა ბურთი, დამატებაზე კი საბა მამაცაშვილმა გაიტანა.

შეგახსენებთ, მამაცაშვილმა წინა ტურში, დინამოს თბილისთან კუთხურიდან პირდაპირ ჩახვევით გაიტანა... მაშინ მისი გოლი მომგებიანი გამოდგა, ამჯერად კი დილამ გაიმარჯვა.

42-ე წუთზე იბერიელებს შოთა ნონიკაშვილი გაუძევეს. არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი, როცა ნონიკაშვილი ეუხეშა დილას კაპიტან ნიკა გაგნიძეს. და პირდაპირ წითელი ბარათი...

დილამ მალევე გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა: იბრაჰიმა დრამე წააქციეს და პენალტი დაინიშნა, რომელიც ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა გამოიყენა - 1:1. ვაუტერს ოთხი გოლი მოუგროვდა და ოთხივე სხვადასხვა შეხვედრაში.

მეორე ტაიმში კი დილამ მოახერხა ორი გოლის გატანა. ჯერ უკრაინელმა ივან ლიტვინენკომ შორიდან ჩახვეული დარტყმით, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ანგოლელმა ანტონიო ლოპესმა დაასრულა კარგი კომბინაცია. ეს 18 წლის ლოპესის პირველი მატჩი იყო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და აი, როგორ აღნიშნა.

დილამ იბერიელებს ორი ქულით გაუსწრო და მეორე ადგილზეა. თბილისელები მესამეზე არიან.

კოლხეთი 1913 3:1 თელავი

ფოთელებმა წარმატებული სერია გააგრძელეს და სძლიეს თელავს, რომელმაც ზედიზედ მესამედ წააგო. კოლხეთი კი პირველი ტურის მერე არ დამარცხებულა.

სტუმრები იგებდნენ, კერძოდ, 37-ე წუთზე ელდარ პარკინაშვილმა შირეულ კუთხეში გაიტანა გიორგი ხაბულიანის გარღვევის შემდეგ.

თუმცა პირველივე ტაიმში კოლხეთმა კარგი კომბინაციის შედეგად გაათანაბრა: დემეტრე გვასალიამ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი მიითვალა - 1:1.

მეორე ნახევარში კი ფოთელთა რუსმა ლეგიონერმა კირილ კლიმოვმა დუბლი შეასრულა. ჯერ მეკარესთან თითქმის პირისპირ გასულმა გაიტანა, ბოლოს კი გიორგი აბუაშვილის პასის მერე მოატყუა მეკარე და ცოტა რთული პოზიციიიდან, მაგრამ მაინც შესძლო ზუსტად დარტყმა - 3:1.

დინამო ბთ 3:2 ტორპედო 

დინამო ბათუმს ქულა არ დაუკარგავს. დღესაც გაიმარჯვა. ხუთიდან ხუთი მოგება...

ბათუმელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ: გიორგი წიტაიშვილის ჩაწოდებას მოჰყვა სენეგალელი ონორე გომისის თავური და 1:0.

თუმცა შესვენებისთვის ტორპედო იყო წინ. ჯერ ფელიპე პირესმა გამოზომილი დარტყმით დაასრულა ხანგრძლივი შეტევა, ტაიმის ბოლო წუთებზე კი მოხდა ასეთი რამ: გიორგი არაბიძემ პენალტის უფლება მოიპვა, თვითონვე დაარტყა და მეკარე როინ კვასხვაძემ მოიგერია. არბიტრმა პენალტი ხელმეორედ დანიშნა, რადგან კვასხვაძე დარტყმამდე გამოვიდა კარიდან... ამჯერად ბიორნ იონსენმა ითავა შეასრულება და ზუსტადაც: 1:2.

ტორპედო იგებდა 86-ე წუთამდე, თუმცა ბათუმელებმა მოახერხეს თამაშის არათუ გადარცენა, არამედ სამი ქულის აღებაც კი. ჯერ ლევან ხარაბაძის ჩაწოდებული ბურთი სტუმართა მცველ  პედრო მონტეიროს მოხვდა ფეხზე და კარში შევარდა...

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ცოტნე ფაცაცია საჯარიმოს მისადგომებიდან ურტყამდა, ბურთი ქუთაისელთა მცველ ნიკა სანდოხაძეს ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა. ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზუსტად შეასრულა - 3:2.