დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტური. ცნობილია საქართველოს ჩემპიონი - დინამო ბათუმი! ანდრი დემჩენკოს გუნდმა 8 ქულით გაუსწრო დინამო თბილისს, სულ კი ორად-ორი ტური დარჩა. ბათუმელებმა ისტორიაში მეორედ იზეიმეს ჩემპიონობა: 2021 და 2023.
დინამო ბათუმი ისტორიაში მეორედ გახდა ჩემპიონი. პირველად ეს 2021 წელს მოახერხა.
ჩემპიონები
19 - დინამო თბ (1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05, 2007-08, 2012-13, 2013-14, 2015-16, 2019, 2020, 2022)
4 - ტორპედო (1999-2000, 2000-01, 2001-02, 2017)
2 - ვიტ ჯორჯია (2003-04, 2008-09)
2 - რუსთავი (2006-07, 2009-10)
2 - ზესტაფონი (2010-11, 2011-12)
2- დინამო ბათუმი (2021, 2023)
1 - სამტრედია (2016)
1 - დილა (2014-15)
1 - სიონი (2005-06)
1 - საბურთალო (2018)
აქვე, ტურის დღეს გამართულ ოთხივე მატჩზეც.
ამ სეზონში ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა. სამტრედიამ ქობულეთის შუქურას სტუმრად 9 უპასუხო გოლი გაუტანა.
შუქურაში თითქმის მთლიანად 19-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებმა ითამაშეს. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დებიუტი ჰქონდათ.
დუბლი შეასრულეს ალექსანდარ მიშოვმა, დათო კირკიტაძემ და თორნიკე ახვლედიანმა. ასევე გაიტანეს სტრაჰინია პავიშიჩმა. აბდულა ხაიბულაევმა და ილია ახვლედიანმა.
სამტრედია მერვე ადგილზეა და ცდილობს, რომ ფლეი-ოფის ზონას ასცდეს, ანუ მეშვიდეზე გავიდეს.
ბათუმში ზეიმი შედგა. 3:0 თელავთან და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონობა!
პირველ ნახევარში ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა ანგარიში ზუსტი თავურით... შესვენების წინ ბათუმელებს იდეალური შანსი ჰქონდათ სხვაობის გაზრდისა, მაგრამ ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა: ძელს მოარტყა ბურთი.
მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა გოლები დახატეს. ჯერ გიორგი ზარიამ რამდენიმე მეტოქე მოატყუა და კარგი დარტყმაც მიაყოლა, ბოლოს კი ცოტნე ფაცაციამ 55-60 მეტრიდან იშვიათი სიზუსტით ჩასვა ბურთი კარში. ნახვად ღირდა - 3:0.
თელავს რაც შეეხება, გუნდმა ზედიზედ მეოთხედ წააგო, თუმცა მეშვიდე ადგილზე რჩება.
ქუთაისში შედეგიანი ფრე ვნახეთ. ტორპედო 2:0-ს უგებდა დინამო თბილისს და საბოლოოდ, სტუმრებმა შესძლეს თამაშის გადარჩენა. მეტიც, ბოლოს გამარჯვებაც შეეძლოთ, მაგრამ ტორპედოს მეკარე ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია რთული ბურთი...
ქუთაისელთა ცაციები კვლავ ფორმაში იყვნენ. პირველ ტაიმში ლაშა შერგელაშვილმა, ხოლო მეორე ნახევარში გიორგი არაბიძემ გაიტანეს. არაბიძისთვის ეს მე-12 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
დინამომ მე-80 წუთზე შეამცირა სხვაობა, კერძოდ, გიორგი მაისურაძის ჩაწოდებულს მოჰყვა ზორან მარუშიჩის თავური. სერბმა 15 გოლი მოაგროვა და ერთი ბურთით ჩამორჩება ლიდერ ჯოვინო ფლამარიონს.
ანგარიში კი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გათანაბრდა: ლაშა ოდიშარიამ ორიგინალურად ჩააწოდა ან კარში დაარტყა, ბურთმა ტრექტორია შეიცვალა და კარში შევარდა - 2:2.
დინამო თბილისი მეორე ადგილზე გავიდა, ტორპედო კი მეოთხე ადგილზეა.
გორის დილამ რომარიკ ეტოუს გოლით სძლია გაგრას და მესამე ადგილზე დაბრუნდა. კონგოელმა მე-17 წუთზე თავით გაიტანა.
დილამ ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა, გაგრამ კი ბოლო ოთხ შეხვედრაში სამჯერ წააგო და ბოლოსწინა ადგილზეა, თუმცა არაა გამორიცხული, მეშვიდე ადგილზე გასვლა მოახერხოს და ფლეი-ოფს ასცდეს.