ბათუმელებმა გაგრას მოუგეს, ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა

News

ბათუმელებმა გაგრას მოუგეს, ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის სამი მატჩი. ორი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, მესამეში კი ლიდერმა დინამო ბათუმმა 3:0 მოუგო გაგრას. ამ მომენტისთვის ბათუმელები 12-ქულიანი ჰანდიკაპით არიან პირველ ადგილზე...

დინამო ბთ 3:0 გაგრა

ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილმა დინამო ბათუმმა 3:0 მოუგო ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გაგრას. პირველი გოლი ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა, როცა საჯარიმოს გარედან დაარტყა. რიკოშეტი და 1:0.

მეორე ნახევარში შეცვლაზე შესულებმა გაიტანეს: ცოტნე ფაცაცია როგორც კი შევიდა მინდორზე, პირველივე წამებზე ბურთი წაართვა მეტოქეს, ირბინა და მერე შორიდან ზუსტად დაარტყა - 2:0. ფაცაციას მეცხრე გოლი სეზონში, აქედან 7 შუქურაში გაიტანა.

მესამე გოლი კი ბოლოს ჯოვინო ფლამარიონმა მიითვალა. საინტერესოა, რომ მანამდე ერთი წუთით ადრე პენალტი ვერ გამოიყენა: მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ აუღო. ეს ჯოვინოს მე-16 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. შარშანდელი სეზონის საუკეთესო ბომბარდირია და ახლაც ლიდერობს.

ტორპედო 0:0 სამგურალი 

იმერულ დერბიში გოლი არ გავიდა. სამაგიეროდ, გაფრთხილება იყო ბევრი - 11. ბოლო წუთებზე კი ტორპედოელი მერაბ გიგაური გააძევეს მეორე ყვითელი ბარათის გამო. ისე, სწორედ გიგაურმა მატჩის პირველ წუთებზე შორიდან ძელს მოარტყა ბურთი... ცოტა დააკლდა ლამაზ გოლამდე. ბოლო წამებზე კი ტორპედოს გოლკიპერმა ფილიპ კლიაიჩმა აუღო ურთულესი ბურთი ლეანდრო ლიმას.

საერთოდ, ამ გუნდებს შორის ფრე ხშირია. ბოლო 5 შემთხვევიდან 4 ფრედ დასრულდა.

ტორპედოს კარგი სერია ჰქონდა, ზედიზედ 4 მატჩი მოიგო და ახლა შეწყვიტა სერია, თუმცა მესამე ადგილზე დარჩა.

სამგურალი კი მეექვსე საფეხურზე დარჩა.

საბურთალო 0:0 სამტრედია 

საბურთალოსა და სამტრედიას შორის წლევანდელი ოთხი დაპირისპირებიდან სამი ფრედ დასრულდა, ერთი კი თბილისელებმა მოიგეს. ზოგადად, ექვს წელიწადზე მეტია, რაც სამტრედიას საბურთალო არ დაუმარცხებია.

0:0. ფრემ ეს გუნდები ისევ იმ ადგილებზე დატოვა: საბურთალო მეოთხეზეა, სამტრედია კი მერვეზე.

თბილისურ გუნდს ბოლო 6 შეხვედრაშ მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს, თუმცა ცხრილის ზედა ნაწილშია: კონფერენციის ლიგაზე გასვლის შანსი აქედანაც აქვს და თასიდანაც.