ლიდერის ფრე, საბურთალოს სამი ქულა

News

ლიდერის ფრე, საბურთალოს სამი ქულა

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ორი მატჩი. ლიდერმა დინამო ბათუმმა შინ 1:1 ითამაშა გორის დილასთან, ხოლო საბურთალომ ხუთტურიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 2:1 სძლია ქობულეთის შუქურას.

შუქურა - საბურთალო 1:2 

საბურთალოს ბოლოს 2 სექტემბერს ჰქონდა მოგებული და გამარჯვების გემო გაიხსენა. ამასთან, საბურთალოს ამ 5 ტურში გოლიც არ ჰქონდა გატანილი. გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა 2:1 სძლიეს აუტსაიდერ ქობულეთის შუქურას, რომელსაც პირველად გაუძღვა გამოცდილი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი.  

სწრაფი გოლი გავიდა: საბურთალოელმა ლუკა სილაგაძემ საჯარიმო დარტყმით დააწინაურა თავისიანები. ეს მისი მეათე გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და საინტერესოა, რომ შუქურას ოთხივე მატჩში გაუტანა...

პირველი ტაიმის ბოლოს შუქურამ დავით მუჯირის გოლით გაათანაბრა. ეს მუჯირის მერვე გოლია სეზონში.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში კი საბურთალო მეორედ გავიდა წინ და ისევ საჯარიმოთი: ამჯერად შოთა ნონიკაშვილმა შეასრულა ზუსტად - 1:2.

საბურთალო მესამე პოზიციაზეა.

დინამო ბთ 1:1 დილა

ლიდერმა დინამო ბათუმმა შინ 1;1 ითამაშა გორის დილასთან, რომელიც მეექვსე ადგილზეა. დილას ამ ტურამდე ზედიზედ სამი წაგება ჰქონდა.

გორელები უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკის გოლით იგებდნენ. კოვტალიუკმა გიორგი გაფრინდაშვილის მშვენიერი პასის მერე დაბალი დარტყმით გაიტანა. ეს უკრაინელი ფორვარდის მერვე გოლია სეზონში...

ბათუმელებმა პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრეს: ბენჟამინ ტეიდი წააქციეს და გიორგი ზარიამ პენალტი გამოიყენა - 1:1. კოვტალიუკის მსგავსად, ზარიასთვისაც მერვე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.

მეორე ტაიმის შუაში არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა ბათუმელთა კარში პენალტი დანიშნა (კოვტალიუკმა მოიპოვა), მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გააუქმა.

დინამო ბათუმი 9 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ დინამო თბილისს, რომელსაც ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვს.

ერთიც: დღევანდელი მატჩის წინ კი დინამო ბათუმის ფეხბურთელ პაატა ღუდუშაურს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადაეცა.