დინამო თბილისმა დილა დაამარცხა, ტორპედომ ქუთაისში საბურთალოს მოუგო

News

დინამო თბილისმა დილა დაამარცხა, ტორპედომ ქუთაისში საბურთალოს მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 28-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა 3:1 მოუგო გორის დილას, ხოლო ქუთაისის ტორპედომ 5:0 სძლია საბურთალოს...

დინამო თბ 3:1 დილა 

ანდრეს კარასკოს გაწვრთნილმა დინამომ პირველი ტაიმის 13-წუთიან მონაკვეთში გაიტანა სამივე გოლი.

ანგარიში გიორგი ხარაიშვილმა გახსნა. მან გიორგი მაისურაძის პასი გამოიყენა... მალევე, დილას მეკარე ევგენ კუჩერენკომ თანაგუნდელის მიწოდებული ბურთი ხელში დაიჭირა, რის გამოც თავისუფალი დაინიშნა და ანზორ მექვაბიშვილმა ძლიერი დარტყმით ორამდე გაზარდა სხვაობა. მესამე ბურთი კი უსმანე კამარამ გაიტანა - მარცხნიდან შევიდა საჯარიმოში და ტექნიკურად დაარტყა.

კამარამ მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი გოლების რაოდენობა დაამრგვალა: 10. როგორც იცით, გვინეელი დილაში თამაშობდა და ამ ათიდან სამი გოლი სწორედ დილასთან მიითვალა.  

მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი ბურთი გავიდა, კერძოდ, დილამ შეამცირა სხვაობა: გუნდის კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ საჯარიმოს გარედან მშვენივრად შეასრულა - 3:1.

დინამო თბილისი მეორე ადგილზეა და 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ დინამო ბათუმს. დილა კი მეოთხეზე რჩება.

ტორპედო 5:0 საბურთალო

ქუთაისის ტორპედომ 5:0 მოუგო საბურთალოს. ტორპედო მეექვსე პოზიციაზეა, მაგრამ მესამეადგილოსან საბურთალოს მხოლოდ სამი ქულითღა ჩამორჩება.

პირველი გოლი საფირმო საჯარიმო დარტყმით ლაშა შერგელაშვილმა შეასრულა. მერე გიორგი არაბიძემ ზუსტად ითამაშა ართმევაზე და თავადვე დაასრულა - 2:0. პირველი ტაიმის ბოლოს კი არაბიძის ჩაწოდებულს მოჰყვა ირაკლი ბუღრიძის თავური და 3:0...

მეორე ნახევარში არაბიძემ პენალტი გამოიყენა და დუბლი მიითვალა. 9 გოლი მოუგროვდა ამ სეზონში.

და ბოლო წუთზე უკვე სერბმა ნიკოლა ნინკოვიჩმაც გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

საბურთალომ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო...