ლიდერის ექვსი გოლი; VAR-ები და პენალტები

News

ლიდერის ექვსი გოლი; VAR-ები და პენალტები

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის სამი მატჩი. ანუ დაიწყო მეოთხე წრე. ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ერთში კი დიდი ანგარიში დაფიქსირდა: ლიდერმა დინამო ბათუმმა აუტსაიდერ ქობულეთის შუქურას სტუმრად 6:0 მოუგო. საინტერესოა, რომ ამ სამ შეხვედრაში 8 პენალტი დაინიშნა.

თელავი 1:1 სამტრედია 

ორივე გუნდს კარგი სერია ჰქონდა. თელავმა მესამე წრეში ექვსჯერ მოიგო, სამტრედიას კი ამ შეხვედრამდე ოთხმატჩიანი გამარჯვების სერია ჰქონდა.

პირველი ტაიმის ბოლოს თელავი დაწინაურდა: თორნიკე მორჩილაძის ჩაწოდებას ირაკლი რუხაძის ზუსტი თავური მოჰყვა. სხვათა შორის, რუხაძემ ზედიზედ მესამე თამაშში გაიტანა - 1:0.

სამტრედიამ მეორე ნახევარში გათანაბრება მოახერხა. მათე აბულაძის დარტყმული ბურთი დავიდ იურჩენკომ მოიგერია, მაგრამ მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა VAR-ზე გადამოწმების მერე ახლიდან დანიშნა 11-მეტრიანი. კერძოდ, დამატებაზე თელაველთა მცველ ვაჟა ფაცაციას წესების დარღვევა დააფიქსირა.

პენალტი ამჯერად ჩრდილომაკედონიელმა ალეკსანდარ მიშოვმა დაარტყა და გაიტანა - 1:1. ეს მიშოვის მესამე გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

თელავი მეშვიდე ადგილზეა, სამტრედია - მერვეზე. მათ შორის სხვაობა 5 ქულაა.

სამგურალი 2:2 გაგრა 

ოთხი გოლი ვნახეთ. სამგურალმა ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო. არც გაგრას აქვს კარგი სერია: მართალია, წინა ტურში აუტსაიდერ შუქურას მოუგეს, მაგრამ მანამდე შვიდ ტურში მხოლოდ ორი ქულა აიღეს.

ამჯერად 2:2. პირველი ტაიმი გაგრამ მოიგო გიორგი ლომთაძის პენალტით. 36-ე წუთზე სამგურალის იაპონელმა ლეგიონერმა ტაიკი კაგაიამამ პენალტი ვერ გამოიყენა, კერძოდ, მეკარე ოლეკსანდრ ვორობეიმ აუღო.

მეორე ტაიმი დაიწყო და მალევე სამგურალმა მეორე პენალტის უფლება მიიღო: დენის ბალანიუკმა მოიპოვა და თავადვე გაიტანა - 1:1. ეს ბალანიუკის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ხუთ წუთში კაგაიამამ მაინც გაიტანა და წინ გაიყვანა სამგურალი. თედო კიკაბიძემ ჩააწოდა, ლეანდრო ლიმამ ქუსლით ორიგინალური პასი გააკეთა და იაპონელმაც თითქმის კარის ხაზიდან გადაგზავნა ბურთი კარში - 2:1.

გაგრამ თამაში გადაარჩინა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე: ზურაბ მუსელიანის გამჭოლ პასს მოჰყვა ზამბიელი ჯუსტინ შონგას გოლი - 2:2. შონგამაც სადებიუტო გოლი მიითვალა საქართველოში.

სამგურალი მეხუთე ადგილზე რჩება, გაგრა კი ბოლოსწინაზეა.

შუქურა 0:6 დინამო ბთ 

დინამო ბათუმმა პირველივე ტაიმში ხუთი გოლი გაუტანა შუქურას და 10-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, თუმცა დინამო თბილისს ჯერ სათამაშო აქვს ტურში.

გიორგი წიტაიშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ეს 19-წუთიან მონაკვეთში მოახერხა. კიდევ, გიორგი ზარიამ, პაატა ღუდუშაურმა და ალექსანდარ იაკობსენმა გაიტანეს.

ამ ექვსი გოლიდან ბათუმელებმა სამი გაიტანეს პენალტით და თანაც, სამივე სხვადასხვა ფეხბურთელმა.