ბათუმელებმა ლიდერობა გაიმყარეს; ქუთაისელებმაც კვლავ მოიგეს

News

ბათუმელებმა ლიდერობა გაიმყარეს; ქუთაისელებმაც კვლავ მოიგეს

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნლი ლიგის 24-ე ტურის ორი მატჩი და ორივეში მასპინძლებმა მოიგეს: დინამო ბათუმმა წყალტუბოს სამგურალთან გამარჯვებით ლიდერობა გაიმყარა და 8 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს; ქუთაისის ტორპედომაც გააგრძელა წარმატებული სერია და ბოლო პერიოდში ასევე კარგად მოთამაშე თელავს აჯობა.

ტორპედო 2:1 თელავი 

თავიდან თელაველები დაწინაურდნენ. თორნიკე მორჩილაძემ კონტრშეტევა დაასრულა ზუსტი დარტყმით...

პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი არაბიძემ წამოიწყო შეტევა, გიორგი ფანცულაიასთან ბურთის გათამაშების მერე კი საჯარიმოშიც კარგად გაერკვა სიტუაციაში და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

შესვენების წინ თელავი ათი კაცით დარჩა: ამარ ბეგიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ნახევარში კიდევ ერთი ლამაზი გოლი გავიდა: ლაშა შერგელაშვილმა ეფექტურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ტორპედომ საბოლოოდ 2:1 მოიგო.

ტორპედო მეექვსე ადგილზეა, თუმცა ქულებით უფრო მიუახლოვდა ლიდერთა ჯგუფს. თელავი კი მეშვიდე საფეხურზეა. ამ ორ გუნდს შორის 16 ქულაა სხვაობა.

დინამო ბთ 4:1 სამგურალი 

ბათუმელებმა დიდი ანგარიშით მოუგეს სამგურალს და 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. აი, წყალტუბოელებს კი, რაც აგვისტოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა, არ მოუგიათ: 5 მატჩიდან 2 ფრე, 3 წაგება...

მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს. ჯერ ჯოვინო ფლამარიონმა გამოიყენა ცოტნე ფაცაციას კარგი პასი და სეზონში მე-15 გოლი მიითვალა. ბრაზილიელი ჯერჯერობით საუკეთესო ბომბარდირია.

მეორე გოლი კი სამგურალის კარში ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პენალტით. მამუჩაშვილს 10 გოლი მოუგროვდა და საინტერესოა, რომ აქედან 8 პენალტით მოახერხა.

პირველი ტაიმის ბოლოს ბათუმელები ათი კაცით დარჩნენ, კერძოდ, ცოტნე მოსიაშვილი გააძევეს.

57-ე წუთზე სამგურალმა სხვაობა შეამცირა: ერთ შეტევაში ორჯერ მოარტყეს ბურთი ძელს, ბოლოს კი იაპონელმა ტაიკი კაგაიამამ თავურით გაიტანა - 2:1.

დარჩენილ დროში კი ათკაციანმა დინამო ბათუმმა კიდევ ორი გოლი მიითვალა. ჯერ გიორგი ზარიამ, ბოლოს კი ალექსანდრ იაკობსენმა. ორივეჯერ პაატა ღუდუშაურმა გასწია ასისტენტობა.