სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩაქირი უხელმძღვანელებს

News

სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩაქირი უხელმძღვანელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას ფიფა-ს (2006-2022) და უეფა-ს (2010-2022) ყოფილი არბიტრი, ჯუნეტ ჩაქირი უხელმძღვანელებს. გამოცდილი არბიტრი დღეს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯებთან გამართულ შეხვედრაზე წარადგინა.

ჯუნეტ ჩექირმა, მსაჯებს სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოწვევისთვის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.  

 „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ლევან კობიაშვილს, დავით მუჯირს და ზოგადად სფფ-ის ხელმძღვანელობას. ჩვენს შორის შედგა შესანიშნავი კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც შემომთავაზეს ეს პოზიცია. სფფ-ის ხელმძღვანელობამ გამიზიარა თავისი ხედვა, გეგმები და მოსაზრებები მსაჯობასთან დაკავშირებით. ეს პოზიტიური მიდგომა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მე დღეს აქ ვარ. ჩემს კარიერაში მე არაერთ დიდ მატჩსა და ტურნირში მიმიღია მონაწილეობა. ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის მდგრადი წარმატების მიღწევა იყო. ჩვენი პირველი მიზანიც სწორედ მდგრადი წარმატებისკენ ნაბიჯების გადადგმა იქნება. ჩვენ დავნერგავთ საერთაშორისო სტანდარტებს მსაჯთა მომზადებაში და შევეცდებით, მეტი მსაჯი ჩავრთოთ საერთაშორისო მატჩებში. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა კლუბს, მოთამაშესა და მწვრთნელს, საპასუხოდ კი ველით, რომ მოედანზე იგივე პატივისცემა მივიღოთ. ჩვენი მიზანია, ყველა მსაჯი საუკეთესოდ მოვამზადოთ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებისთვის, რათა მხოლოდ მოედანზე ნაჩვენები ფეხბურთის ხარისხი იყოს სალაპარაკო თემა. ჩვენ მეზობლები ვართ და მე მინდა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ძლიერი კავშირები ჩამოყალიბდეს ჩემი აქ ყოფნის პერიოდში - ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იქნება.“- აღნიშნა ჯუნეტ ჩექირმა.

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, საუბრისას მადლობა გადაუხადა მსაჯთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს მიხეილ მაზიაშვილს, რომელიც ამ მიმართულებას 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა.

სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი: “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილებას ფიფა-ს გამოცდილი არბიტრი, ჯუნეტ ჩაქირი უხელმძღვანელებს. Აღსანიშნავია, რომ თურქი სპეციალისტი საქართველოში იცხოვრებს და ყველა იმ პროექტს ჩაუდგება სათავეში, რომელიც სფფ-ს მსაჯთა მიმართულების განვითარებისთვის ხორციელდება. Რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ იმ სიახლეებს, რომელიც მასთან ერთად დაინერგება. Დარმწუნებული ვარ, ის გამოცდილება, რომელიც მან წლების განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე დააგროვა, დადებითად გამოადგება ამ მიმართულების განვითარებას საქართველოში.”  

14 აგვისტოდან კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯები ხუთდღიან საწვრთნელ, გაცნობითი სახის შეკრებას გაივლიან.

“Პირველი შეხვედრა ტოპ დივიზიონის მსაჯებთან ჯუნეტ ჩექირმა დღეს უკვე გამართა. 14 აგვისტოდან კი 5 დღიანი საწვრთნელი შეკრება გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება. Როგორც იცით, გასული წლიდან ეროვნულ ჩემპიონატში ვიდეო რეფერის სისტემა დავნერგეთ. Სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა მატჩი ვიდეო რეფერის თანხლებით გაიმართება. Აღნიშნულ შეკრებაზე ეროვნული ჩემპიონატის მომსახურე მსაჯები კიდევ ერთ გადამზადებას ბატონი ჯუნეტთან ერთად გაივლიან და სიახლეებს გაეცნობიან" - განმარტა დავით მუჯირმა.

მსაჯებთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სფფ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი - ზაზა ზამთარაძე და მსაჯთა განყოფილების წარმომადგენლები.

ცნობილი თურქი არბიტრი, 2010 წლიდან რეგულარულად მსაჯობდა უეფა-ს და ფიფა-ს ეგიდით გამართულ მაღალი დონის მატჩებს. მათ შორის:

2012 | ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი

ესპანეთი - პორტუგალია

2012 | ფიფა-ს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი

კორინთიანსი - ჩელსი

2014 | მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი

ნიდერლანდები - არგენტინა

2015 | ჩემპიონთა ლიგის ფინალი

ბარსელონა - იუვენტუსი

2018 | მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი

ხორვატია - ინგლისი

ამას გარდა, ჯუნეტ ჩაქირი უეფასა და ფიფას ეგიდით გამართულ მატჩებზე დამკვირვებლის სტატუსით მუშაობს, ასევე წლების განმავლობაში სტაბილურად მსაჯობდა ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის პელი-ოფის მატჩებს. ჯამში, მის გამოცდილებას, ზურგს 204 საერთაშორისო და 2001-2022 წლებში, თურქეთის სუპერლიგაში განსჯილი 385 თამაში უმაგრებს.