გაგრამ თელავს მოუგო; შუქურა-სამგურალი ფრედ დასრულდა

News

გაგრამ თელავს მოუგო; შუქურა-სამგურალი ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოცე ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა. ქობულეთის შუქურა ორი ბურთის სხვაობით უგებდა წყალტუბოს სამგურალს, მაგრამ საბოლოოდ 2:2 ითამაშა. კიდევ, გაგრამ სტუმრად აჯობა თელავს. 

შუქურა 2:2 სამგურალი 

ქობულეთელებმა პირველი ტაიმის შვიდწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანეს და ფორით იგებდნენ. ჯერ ცოტნე ფაცაციამ გაიტანა პენალტით, რომელიც მიშიკო სარდალიშვილის წაქცევისთვის დაინიშნა. მერე კი თავად სარდალიშვილმა მშვენივრად შეასრულა საჯარიმო და 2:0...

ფაცაციასთვის ეს მეშვიდე გოლია სეზონში, სარდალიშვილისთვის კი - მეექვსე.

სამგურალმა მაინც მოახერხა გათანაბრება. მეორე ნახევარში ჯერ გიორგი ნიქაბაძემ ახლოდან დარტყმით შეამცირა სხვაობა, მერე კი იაპონელმა ტაიკი კაგაიამამ შორიდან ზუსტად შეასრულა და 2:2.

ისიც დავწეროთ, რომ ნიქაბაძეს 10 გოლი მოუგროვდა.

სამგურალი მესამე ადგილზეა, ხოლო შუქურა ჯერ რჩება ქვედა ზონაში -მერვეზე. 

თელავი 0:1 გაგრა 

გაგრამ სტუმრად 1:0 სძლია თელავს. ფორვარდმა ზურაბ მუსელიანმა გაიტანა ეს ერთადერთი გოლი, კონტრშეტევა დაასრულა ზუსტი დარტყმით და სეზონში თავისი მეშვიდე ბურთი მიითვალა.

გაგრამ ამ გამარჯვებით მეშვიდე ადგილი გაიმყარა, თელავი კი ბოლოზეა. ამ ორ გუნდს შორის სხვაობა 6 ქულაა.