გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოცე ტურის სამი მატჩი და სამივე მასპინძლებმა მოიგეს. ლიდერი დინამო ბათუმი საბურთალოსთან აგებდა, მაგრამ თამაში შემოატრიალა და გაიმარჯვა. საბურთალოელების 12-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა... ქუთაისის ტორპედომ გორის დილას სძლია, ხოლო დინამო თბილისმა - სამტრედიას.
საბურთალო 77-ე წუთამდე იგებდა. პირველ ტაიმში მალელმა შეიკნე სილამ თითქმის კარის ხაზიდან გაიტანა - პასი ივა გელაშვილმა გაუკეთა. ეს სილას მეშვიდე გოლია სეზონში და აქედან 3 სწორედ ბათუმელებთან მოუგროვდა.
დინამო ბათუმმა ჯოვინო ფლამარიონის თავურით გაათანაბრა. ფლამარიონი 13 გოლით მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
85-ე წუთზე კი ბათუმელთა ფორვარდმა თორნიკე კაპანაძემ პენალტი მოიპოვა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზუსტად შეასრულა და 2:1. მამუჩაშვილს 8 გოლი აქვს სეზონში და აქედან 6 - პენალტით.
დინამო ბათუმი ლიდერია და 4 ქულით უსწრებს საბურთალოს.
ჩემპიონმა ზედიზედ ორი წაგების მერე გაიმრჯვა: სამტრედიასთან 3:0. დინამოელები მეოთხე ადგილზე არიან და ლიდერ ბათუმელებს 8 ქულით ჩამორჩებიან. სამტრედია კი ერთ-ერთი აუტსაიდერია.
ამ მატჩში კი 59-ე წუთამდე 0:0 იყო. მაგრამ შეცვლაზე შესულმა გიორგი მოისწრაფიშვილმა ჯერ პენალტი გაიტანა, ბოლო წუთებზე კი კარიდან წინ გამოსულ მეკარეს 35-40 მეტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ლაშა ოდიშარიამ ითამაშა კარგად, ორი მცველი ჩამოიტოვა და ზუსტადაც დაარტყა - 3:0. წლეულს ეს ოდიშარიას სადებიუტო გოლია.
მოისწრაფიშვილის მსგავსად, ოდიშარიაც შეცვლაზე შევიდა.
სერიები დასრულდა. ტორპედოს ბოლო 6 ტურში არ ჰქონდა მოგებული, დილამ კი ბოლო 10 ტური წაგება არ იცოდა.
ქუთაისელებმა გიორგი კუხიანიძის მე-80 წუთზე გატანილი პენალტით გაიმარჯვეს. კუხიანიძემ ტექნიკურად შეასრულა, რბილად...
ეს შოტლანდიელი მწვრთნელის სტივ კინის პირველი მოგებაა საქართველოში. იმერული გუნდი მეექვსე ადგილზეა, დილა კი მეხუთეზეა. თუმცა სხვაობა მათ შორის 10 ქულაა.