კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა და ორივე სტუმრებმა მოიგეს. საინტერესოა, რომ ლიდერი დინამო ბათუმი სეზონში პირველად დამარცხდა, კერძოდ, გორის დილასთან 0:2. მეორე აჭარულმა კლუბმაც წააგო: ქობულეთის შუქურამ საბურთალოსთან 2:3...
დაძაბული მატჩი იყო და საბოლოოდ სერიები გაგრძელდა. საბურთალომ კვლავ მოიგო და საინტერესოა, რომ ზედიზედ 5 მატჩია, ზუსტად 3 გოლი გააქვს თამაშში. აი, შუქურამ კი ზედიზედ მეხუთედ წააგო და ბოლო ადგილზე რჩება.
პირველ ტაიმში ერთი ბურთი გავიდა, კერძოდ, საბურთალოს მალელმა ფორვარდმა შეიკნე სილამ ქუსლით გადაგზავნა კარში. მეორე ტაიმში იური ტაბატაძემ პენალტით 0:2 გახადა ანგარიში - 0:2.
69-ე წუთზე თამაში დაიძაბა, შეცვლაზე შესულმა დავით მუჯირმა კარგად გამოიყენა მიშიკო სარდალიშვილის დაფარული პასი და სხვაობა შეამცირა - 1:2. სამ წუთში კი თავად სარდალიშვილმა საჯარიმოში არეულობისას გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
საბოლოოდ, საბურთალომ მაინც მოიგო: ლუკა სილაგაძემ საჯარიმო დარტყმა კარგად შეასრულა და 2:3. ეს სილაგაძის მეხუთე გოლია სეზონში.
მატჩის წინ დინამო ბათუმის მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესა და თავდამსხმელ ჯოვინო ფლამარიონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან პრიზები გადაეცათ.
გეგუჩაძეს - წლევანდელი სეზონის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელობისთვის;
ფლამარიონს კი - კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობისთვისა და საუკეთესო ბომბარდირობისთის, ასევე მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის. ანუ, ბრაზილიელს ერთბაშად სამი პრიზი გადაეცა!
თამაშს რაც შეეხება: გორის დილამ ზედიზედ მესამედ მოიგო და თან სამივე ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებთან. აი, დინამო ბათუმისთვის კი ეს პირველი წაგებაა მიმდინარე სეზონში.
საკვანძო მომენტი ალბათ 61-ე წუთზე იყო, როცა პაატა ღუდუშაური გააძევეს. ბათუმელთა გარემარბი დილას კაპიტან ნიკა გაგნიძეს ეუხეშა, რაზეც არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ წითლით შეცვალა.
დილამ რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენა. ჯერ ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით გაიტანა, ბოლოს კი უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა დაასრულა კარგი კონტრშეტევა - 0:2.
გორელები მეხუთე ადგილზე არიან, თუმცა ლიდერ ბათუმელებს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებიან.