კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-11 ტური გაიმართა. ვნახეთ დრამატული 3:3, ასევე დაფიქსირდა სეზონში ყველაზე დიდი სხვაობა ანგარიშში, იყო სადებიუტო გოლებიც. ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის სხვაობა კი ოთხის ნაცვლად ორი ქულა გახდა...
ცხრილში მეზობელი გუნდების დაპირისპირება ფრედ დასრულდა. გაგრა პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა თეიმურაზ შონიას გოლით. შონიასთვის ამ სეზონში მეოტხე გოლი იყო... მეორე ტაიმში კი თელავის ნახევარმცველმა გიორგი ილურიძემ გაათანაბრა თავურით - 1:1.
გაგრა მეშვიდე ადგილზეა, ხოლო თელავი - მერვეზე. კახეთის გუნდს ჯერჯერობით ერთი გამარჯვება აქვს: სტუმრად შუქურასთან...
წყალტუბოელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს, ხოლო შუქურა ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. ასე რომ, სერიები გაგრძელდა.
მე-20 წუთზე ნოდარ ლომინაძემ პენალტით დააწინაურა სამგურალი, ხოლო ტაიმის ბოლოს შუქურას ნახევარცველმა ცოტნე ფაცაციამ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა - 1:1.
მეორე ტაიმში კი სამგურალის უპირატესობა აშკარა გახდა. ლომინაძემ ითამაშა კარგად, გარღვევის მერე კარში დაარტყა, მეკარე გიორგი აბრამიშვილს ბურთი ხელიდან გაუვარდა და ნიკა ხორხელმა დასწრებაზე გაიტანა - 2:1.
მალევე სამგურალის ბენინელმა შემტევმა შარბელ გომესმა ხანგრძლივი შეტევა დაასრულა ძლიერი დარტყმით. ეს ბენინელის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა ლადო ჩიხრაძემ პირისპირ გასვლისას გაიტანა და 4:1. იქ ნიკა კალანდარიშვილის კარგი პასიც უნდა აღვნიშნოთ.
სამგურალი მესამე ადგილზეა, ხოლო შუქურა - ბოლოზე.
დინამო თბილისმა სამმატჩიანი მოუგებელი სერია სამტრედიაში შეწყვიტა. სერბმა ზორან მარუშიჩმა დუბლი შეასრულა - 0:2.
მარუშიჩს მიმდინარე სეზონში 7 გოლი მოუგროვდა და დაეწია დინამო ბათუმის ფორვარდ ჯოვინო ფლამარიონს. ახლა თანალიდერობენ ბომბარდირთა დავაში.
სერბმა ჯერ ულად-ომარ იმრანის მშვენიერი დაფარული პასი გამოიყენა, მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა; მეორე ტაიმში კი ვაგნერ გონსალვესის ჩაწოდებულზე თავით ითამაშა კარგად და მეორე გაიტანა.
დინამო თბილისი 2 ქულით ჩამორჩება დინამო თბილისს. სამტრედია კი ბოლოდან მეორე ადგილზეა.
უხვგოლიანი და დრამატული მატჩი გაიმართა რუსთავში. მშვენიერ ფორმაში მყოფი საბურთალო ლიდერ დინამო ბათუმთან 87-ე წუთამდე 0:3-ს აგებდა და... 3:3 ითამაშა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთები იყო, როცა ბათუმელები პაატა ღუდუშაურმა დააწინაურა მახვილი კუთხიდან დარტყმით - 0:1. მეორე ტაიმის დასაწყისშივე გიორგი ზარიამაც გაიტანა, შორეულ კუთხეში კარგად დაუმიზნა და სხვაობა ორბურთიანი გახდა.
73-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით 0:3 გახადა ანგარიში. სიტუაცია კი ასეთი იყო: საბურთალოს მეკარე ლაზარე კუპატაძემ კეფაში მოარტყა ხელი ბათუმელთა მცველ საშა ბალიჩს. არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი, პენალტიც დანიშნა და კუპატაძეც გააფრთხილა.
87-ე წუთზე კი თამაში შეიცვალა: ოთარ მამაგეიშვილის კარგ შორეულ პასს მოჰყვა ლუკა სილაგაძის ზუსტი დარტყმა და 1:3. ორ წუთში მალელმა ფორვარდმა შეიკნე სილამ გიორგი ჯინჯოლავას გამჭოლი პასი გამოიყენა და ვარდნაში ფეხით გაიტანა...
კულმინაცია კი იყო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე. ხარიტონაშვილმა კიდევ ერთი პენალტი დანიშნა VAR-ზე გადამოწმების მერე, ოღონდ ამჯერად ბათუმელთა კარში. სილაზე წესების დარღვევა დააფიქსირა. სილამ თავად დაარტყა და გაიტანა - 3:3.
მატჩი 104-ე წუთზე დასრულდა...
დინამო ბათუმი ლიდერია და 2 ქულით უსწრებს დინამო თბილისს. საბურთალო კი მეოთხეზეა. საინტერესოა, რომ საბურთალოელებმა ბოლო 4 შეხვედრაში 3-3 გოლი გაუტანეს თელავს, დინამო თბილისს, ტორპედოსა და დინამო ბათუმს.
მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა: დილა-ტორპედო 5:0.
42-ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა შორიდან დარტყმით გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია სეზონში.
დანარჩენი ოთხი გოლი კი შესვენების მერე ვნახეთ. დასაწისშივე, 45-ე წამზე ონორე გომისმა ჩააწოდა და ნიკა გაგნიძემ თავურით გაგზავნა ბურთი კარში - 2:0.
მალევე, ისევ გომისმა დაიწყო შეტევა, კარგი პასი გააკეთა და ბარბადოსელმა ტიერი გეილმაც მშვენიერი გოლი გაიტანა.
70-ე წუთზე გეილმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ძლიერად დაარტყა და სეზონში უკვე 6 გოლი მოაგროვა.
ბოლოს კი გიორგი ცეცხლაძემ თავზე გადაუგდო ბურთი მეკარე ოთო გოშაძეს - 5:0. ეს 20 წლის ცეცხლაძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
დილა მეხუთე ადგილზეა, ტორპედო - მეექვსეზე. ქუთაისელებმა წინა მატჩიც დიდი ანგარიშით წააგეს, კერძოდ საბურთალოსთან 0:3.