კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო. მეათე ტურის ორი მატჩი გაიმართა: გორის დილამ ჩემპიონ დინამო თბილისს მოუგო, საბურთალომ კი ტორპედოს სძლია და მესამე ადგილზე გადავიდა.
ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა საბურთალომ ზედიზედ ორჯერ მოიგო, თან ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებთან და თანაც დამაჯერებლად: წინა ტურში საბურთალომ დინამო თბილისს 3:1 აჯობა, ამჯერად კი ტორპედო გასვლაზე 3:0 დაამარცხა.
კვლავ ფორმაში იყვნენ ახალგაზრდა ტყუპები: გიზო და ოთარ მამაგეიშვილები. თითო გოლი გაიტანეს.
26-ე წუთზე გიზომ სწორედ ოთარის პასის შემდეგ გახსნა ანგარიში. ტაიმის ბოლოს კი იური ტაბატაძემ პენალტით მეორე გოლი გაუტანა ტორპედოს...
მეორე ტაიმში კი საბურთალოს კონტრშეტევას მოჰყვა შეიკნე სილას ბოლო პასი და ოთარ მამაგეიშვილის ზუსტი დარტყმა - 0:3.
0:2-ზე ტორპედომ პენალტი ვერ გამოიყენა, კერძოდ, გიორგი არაბიძის დარტყმული ლაზარე კუპატაძემ მოიგერია.
საბურთალო მესამეზე გადავიდა, ტორპედო კი ჯერჯერობით მეოთხეა.
გორის დილას ცუდი სერია ჰქონდა და დინამო თბილისსაც წაგებული ჰქონდა ბოლო ტურში. ამჯერად გორელებმა ხასიათი გამოიკეთეს, ჩემპიონს 2:1 აჯობეს...
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მთავარი ამბები კი მერე დატრიალდა: 54-ე წუთზე დილამ კარგად გაითამაშა საჯარიმო, ტიერი გეილმა კარისკენ გადაგზავნა ბურთი, იქ კი ბურთი დინამოელთა მცველ დავით კობოურს მოხვდა და 0:1.
დინამო თბილისს ოთხმაგმა შეცვლამ ვერ უშველა და მალევე დილამ კუთხურის შემდეგ გაიტანა: უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა თავურით მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლი მიითვალა. ზოგადად კი ეს კოვტალიუკის 45-ე გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
დინამომ ორ წუთში შეამცირა სხვაობა: ლაშა ოდიშარიას გამჭოლი პასი და ზორან მარუშიჩის გოლი... 1:2. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.
დილა მეექვსე ადგილზეა, დინამო თბილისი კი მეორეზე დარჩა, თუმცა ბათუმელებს ტურში სათამაშო აქვთ და თან ერთი ქულით წინ არიან.