დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტური, ანუ პირველი წრე. ორი მატჩი გაიმართა: წყალტუბოს სამგურალმა სამტრედიას სძლია, ხოლო გაგრამ ქობულეთის შუქურას აჯობა...
იმერული დერბი დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა, მთავარი ამბები 63-ე წუთზე დაიწყო: ზვიად ნაჭყებიამ სამტრედია დააწინაურა. ნაჭყებიამ სეზონში მეოთხე ბურთი გაიტანა.
სამგურალმა 83-ე წუთზე გაათანაბრა ნოდარ ლომინაძის პენალტით, ხოლო ხუთ წუთში იაპონელმა ტაიკი კაგაიამამ ახლოდან ვარდნაში დაარტყა და გამარჯვება მოუტანა წყალტუბოელებს.
კაგაიამა პირველი იაპონელი ფეხბურთელია, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გოლი გაიტანა.
სამგურალმა ზედიზედ მესამედ მოიგო და მეოთხე ადგილზეა, ხოლო სამტრედია აუტსაიდერია - პირველ ტურში გაიმარჯვა, მერე კი 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღო.
გაგრამ ზედიზედ მეორედ მოიგო: ამჯერად შუქურასთან 2:0.
ჯერ ბრაზილიელმა მათეუსმა დაბალი დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმის შუაში თეიმურაზ შონიამ პენალტი გამოიყენა... პენალტი როცა დაინიშნა, იმ ეპიზოდში შუქურას მცველი ლევან ქურდაძე გააძევეს მეორე ყვითელი ბარათის გამო.
გაგრა მეშვიდე ადგილზე გადავიდა, შუქურა კი მერვეზეა. ქობულეთელებს ფრე არ უთამაშიათ: 2 მოგება, 7 წაგება.