მეექვსე ტური: შვიდი გოლი, შვიდივე სხვადასხვა, შვიდივესთვის პირველი

News

მეექვსე ტური: შვიდი გოლი, შვიდივე სხვადასხვა, შვიდივესთვის პირველი

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის სამი მატჩი. სამივეში მასპინძლებმა მოიგეს. და ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი: სულ შვიდი გოლი გავიდა, შვიდივე სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა და შვიდივესთვის ეს პირველი ბურთი გამოდგა მიმდინარე ჩემპიონატში...

ტორპედო 2:1 თელავი 

ქუთაისის ტორპედომ სამტრედიაში 2:1 სძლია თელავს. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

ირაკლი ბუღრიძემ ტექნიკურად ითამაშა და შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით დააწინაურა ტორპედო - 1:0. თელავმა ვაჟა ფაცაციას თავურით გაათანაბრა, ხოლო ბოლო წუთებზე ქუთაისელთა პორტუგალიელმა პედრო მონტეირომ ასევე თავურით გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.

ისე, პირველ ტაიმში ტორპედომ პენალტი ვერ გაიტანა, კერძოდ, გიორგი კუხიანიძის დარტყმული ბურთი ლევან თანდილაშვილმა ფეხით მოიგერია. თანდილაშვილმა ამ სეზონში უკვე მეორე პენალტი აიღო.

ტორპედო მესამე ადგილზეა, თელავი - მეშვიდეზე. კახეთის გუნდში სამწვრთნელო დებიუტი ჰქონდა სომხეთის ნაკრების ყოფილ თავკაც ვარდან მინასიანს.

საბურთალო 3:0 გაგრა 

ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა საბურთალომ დიდი ანგარიშით (3:0) მოუგო გაგრას, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. საბურთალო კი მეოთხეზეა.

გაგრა უკვე მე-2 წუთზე კაცნაკლული დარჩა: მეკარე ნიკა ქავთარაძე გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის. ქავთარაძე საჯარიმო მოედნის გარეთ გამოვიდა და იური ტაბატაძეს ეუხეშა.

საბურთალო ოთარ მამაგეიშვილის გოლით დაწინაურდა. მან თავისი ძმის, გიზო მამაგეიშვილის პასის შემდეგ გაიტანა - 1:0. პირველი ტაიმის ბოლოს ტაბატაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა.

მეორე ნახევარში კი საბურთალომ კიდევ ერთხელ გაიტანა პენალტი. ამჯერად, გიორგი კოხრეიძემ, რომელიც ორი წუთის შესული იყო მინდორზე.

დილა 1:0 სამტრედია 

გორელებმა შინ ბიძინა მახარობლიძის გოლით მოუგეს სამტრედიელებს. კარგი კომბინაციის მერე ტიერი გეილმა ჩააწოდა და მახარობლიძემ თავურით გაიტანა - 1:0.

საინტერესოა, რომ დილამ პირველ ტურში დინამო თბილისთან მარცხის მერე მეხუთე წაუგებელი მატჩი ჩაატარა, ხოლო სამტრედია პირიქითაა: პირველ ტურში გამარჯვების მერე, ხუთ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო.

ერთიც: მატჩზე VAR-ის სისტემა მუშაობდა.