მეხუთე ტური: დინამოები გათანაბრდნენ

News

მეხუთე ტური: დინამოები გათანაბრდნენ

 

გაგრა 1:4 დინამო ბთ 

დინამო ბათუმმა გაგრას დამაჯერებლად მოუგო 4:1. საუკეთესო იყო ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა და საგოლე პასიც გააკეთა.

პირველი გოლი ყველაზე ლამაზი იყო: კომბინაციის შემდეგ ფლამარიონმა ორი კაცი მოატყუა და ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. მეორე გოლი მეკარესთან პირისპირ გასვლისას გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს ბრაზილიელმა ბურთი ჩაჭრა მეტოქის საჯარიმოში და პაატა ღუდუშაურს გაუკეთა პასი, რომელსაც გატანა აღარ გასჭირვებია. ბათუმელებმა ტაიმი 3:0 მოიგეს...

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ფლამარიონი მცველებს გაექცა და კიდევ ერთი გოლი მიითვალა.

59-ე წუთზე კი გაგრამ ერთი ბურთით შეამცირა სხვაობა: ზურაბ მუსელიანის თავურით... სხვათა შორის, ეს თორნიკე ოქრიაშვილის ჩაწოდებით. ოქრიაშვილმა 13-წლიანი შესვენების მერე ითამაშა საქართველოს ჩემპიონატში. 2010 წელს სწორედ გაგრადან წავიდა უცხოეთში.

საბოლოოდ 1:4 და დინამო ბათუმი დინამო თბილისს დაეწია ქულებით (13-13), ხოლო გაგრა ბოლო ადგილზეა.

 

სამტრედია 3:3 საბურთალო 

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი სამტრედიაში გაიმართა. სამტრედია-საბურთალო 3:3...

თავიდან საბურთალო დაწინაურდა მალელი შეიკნე სილას ახლოდან გატანილი გოლით. მე-17 წუთისთვის უკვე სამტრედია იგებდა: ჯერ ზვიად ნაჭყებიამ თავურით მახვილი კუთხიდან გაათანაბრა, მალე კი სირილ ჩამბამ მალხაზ ჩიტაიშვილის კარგი პასი გამოიყენა, კარიდან გამოსულ მეკარე ლაზარე კუპატაძეს დაასწრო და ცარიელ კარში გაიტანა - 2:1.

მე-20 წუთზე მატჩის მეოთხე გოლი ვნახეთ... საბურთალოელმა გიზო მამაგეიშვილმა დაარტყა, რიკოშეტი და 2:2.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში საბურთალო გავიდა წინ, როცა მცველმა ივა გელაშვილმა ფეხი დაუხვედრა ჩაწოდებულს - 2:3. სამტრედიელებმა კი ბოლოს გაათანაბრეს პენალტით. პენალტი დათო კირკიტაძემ მოიპოვა და ვარლამ კილასონიამ ზუსტად დაარტყა - 3:3.

სამტრედიაში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ გიორგი პაპუნაშვილს.

თელავი 2:2 დინამო თბ

თელავმა პირველი ქულები დააკარგვინა მოქმედ ჩემპიონ დინამო თბილისს. კახეთის გუნდი შინ ორი ბურთით აგებდა, მაგრამ 2:2 ითამაშა.

კვლავ გაიტანა გოლი 17 წლის დინამოელმა ნახევარმცველმა გაბრიელ სიგუამ, რომელიც ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა. თელავთან სიგუამ მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა და ასე გახსნა ანგარიში. ეს სიგუას მესამე გოლია განვლილ ხუთ ტურში.

დინამოელთა უპირატესობა უსმანე კამარას გოლით გაიზარდა. გვინეელმა ახლოდან ცხრიანში დაარტყა - 0:2.

პირველი ტაიმის ბოლოს თელაველთა ნახევარმცველმა საბა ფირანაშვილმა შორიდან დაარტყა და მეკარე ლუკა კუტალაძე ვერ მისწვდა ბურთს. ეს 23 წლის ფირანაშვილის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

66-ე წუთზე კი თელავმა გაათანაბრა. იმედა აშორტიამ ახლო კუთხეში დაურტყა დინამოელთა მეკარეს და 2:2. აშორტიამ წინა ტურშიც გაიტანა გოლი (შუქურასთან).

დინამო თბილისი ისევ ლიდერია, მაგრამ დინამო ბათუმსაც 13 ქულა აქვს. თბილისელებს ბურთების უკეთესი შეფარდება აქვთ. თელავი კი მეშვიდე ადგილზეა.

დილა 2:0 შუქურა 

გორის დილამ მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო: 2:0 შუქურასთან.

სენეგალელმა ონორე გომისმა დასწრებისას კარგად დაარტყა და მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველად გაიტანა. დილა სწრაფი გოლით დაწინაურდა.

მეორე ტაიმში ტერი გეილმაც გაიტანა სწრაფი კომბინაციის შემდეგ - 2:0. ეს ბარბადოსელი გეილის მესამე გოლია სეზონში. ბოლო წუთზე კი შუქურას 21 წლის ფეხბურთელი ლაშა კვარაცხელია გააძევეს ზედიზედ ორი გაფრთხილების გამო...

სამგურალი - ტორპედო

ტური 19 მარტს დასრულდება იმერული დერბით