მეოთხე ტური: ვინც აგებდა, იმან მოიგო

News

მეოთხე ტური: ვინც აგებდა, იმან მოიგო

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ოთხი მატჩი. ერთი უგოლოდ დასრულდა, დანარჩენ სამ შემთხვევაში კი რომელი გუნდიც თავიდან აგებდა, იმან მოიგო. ყველაზე უხვგოლიანი თამაში ბათუმში ჩატარდა, სადაც მასპინძლებმა 3:2 აჯობეს სამტრედიას...

შუქურა 1:2 თელავი 

თელავმა სეზონში პირველი გოლები გაიტანა და პირველად მოიგო. ეს ზესტაფონში ქობულეთის შუქურასთან...

საინტერესოა, რომ თავიდან შუქურა დაწინაურდა და ეს სწორედ თელაველის ავტოგოლით მოხდა: კახური გუნდის კაპიტანმა მირიან ჯიქიამ თავით გაიტანა საკუთარ კარში, თან ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. ეს პირველი ტაიმის შუაში.

თელავმა ტაიმის ბოლოს გაათანაბრა, კერძოდ გიორგი ილურიძემ ვარდნაში დაარტყა და 1:1.

გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შესულმა იმედა აშორტიამ გაიტანა ცაციით მოულოდნელი დარტყმით - 1:2.

საინტერესოა, რომ შუქურას მონაწილებით სეზონის ოთხივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით (2:1) დასრულდა. აქედან ქობულეთელებმა ერთი მოიგეს და სამი წააგეს.

საბურთალო 0:0 დილა 

რუსთავში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები და საკმარისადაც კი.

დილას ჯერ არ მოუგია, სამი ფრე და ერთი წაგება აქვს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ სულ წინა სეზონის საუკეთესო გუნდებს შეხვდა.

დილასთვისაც და საბურთალოსთვისაც მეორე 0:0 იყო სეზონში.   

ტორპედო 3:1 გაგრა 

ქუთაისის ტორპედო გაგრასთან აგებდა, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა. ტორპედოს 8 ქულა მოუგროვდა, გაგრა კი ბოლოზეა.

სწრაფი გოლი (გოლები) ვნახეთ. გაგრა ალჟირელმა იდირ ბუტრიფმა დააწინაურა, როცა დასწრებაზე ითამაშა კარგად. მალევე ტორპედომ ნიკა კაჭარავას გოლით გაათანაბრა. კაჭარავამ გიორგი არაბიძის ჩაწოდებული თავურით გადაგზავნა კარში - 1:1.

პირველი ტაიმის ბოლოს კაჭარავა კარგად გაერკვა საჯარიმოში და ტექნიკურად დაარტყა - 2:1. მეორე ტაიმის დასაწყისში კი აკაკი შულაიამ ჩაჭრა ბურთი, არაბიძე მეკარესთან პირისპირ დატოვა და მანაც ზუსტად შეასრულა.

დინამო ბთ 3:2 სამტრედია 

დინამო ბათუმი ორჯერ აგებდა სამტრედიასთან, მაგრამ საბოლოოდ მოიგო - 3:2. ლამაზი გოლებიც ვნახეთ.

სამტრედია გიორგი გვიშიანმა დააწინაურა მე-20 წუთზე, როცა შორიდან ცხრიანში დააარტყა. რამდენიმე წუთში ბათუმელმა ირაკლი ბიძინაშვილმა ანგარიში გაათანაბრა... ეს ბიძინაშვილის მესამე გოლია სეზონში.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე სამტრედიელთა ფლანგელმა ზვიად ნაჭყებიამ ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა ლამაზი გოლით - 1:2.

სამტრედია 68-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა გარდატეხეს თამაში. ჯერ ჯოვინო ფლამარიონის დარტყმული ბურთი ბენჟამინ ტეიდს მოხვდა და ასე გათანაბრდა - 2:2. ხოლო გადამწყვეტი გოლი ფლამარიონმა ორიგინალურად გაიტანა - კეფით...

ბათუმელებს 10 ქულა აქვთ, ხოლო სამტრედიელებმა პირველ ტურში გამარჯვების მერე ზედიზედ სამჯერ წააგეს.

მეოთხე ტური 13 მარტს დასრულდება.

დინამო თბ - სამგურალი