დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტური. დღეს ოთხი მატჩი გაიმართა და სამი დაძაბული გამოდგა, მხოლოდ დინამო თბილისმა მოიგო დამაჯერებლად: სამტრედიასთან 4:0.
ქობულეთის შუქურამ ზესტაფონში მოუგო წყალტუბოს სამგურალს.
მე-9 წუთზე სამგურალს მცველი ომარ პატარკაციშვილი გაუძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის. ტაიმის შუაში ლევან ქურდაძემ დააწინაურა შუქურა: ქურდაძე შარშან სწორედ სამგურალში თამაშობდა, ანუ ყოფილ გუნდს გაუტანა.
37-ე წუთზე წყალტუბოელებიც ათი კაცით დარჩნენ, რადგან ირაკლი ლექვთაძემ მიიღო მეორე გაფრთხილება.
მეორე ტაიმის დასაწყისში შუქურამ ჰანდიკაპი შეიქმნა: ცოტნე ფაცაციამ შეასრულა საჯარიმო და 2:0. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სამგურალმა ერთი ბურთით შეამცირა სხვაობა, კერძოდ, ლადო ჩიხრაძემ თავისი პირველი ბურთი გაიტანა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. საბოლოოდ 2:1.
რუსთავში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. გაგრას თავიდანვე შეეძლო დაწინაურება - პენალტის უფლება მოიპოვა, მაგრამ ვასილ ხოსიტაშვილის დარტყმული ბურთი მეკარე ლევან თანდილაშვილმა მოიგერია.
თელავმაც და გაგრამაც პირველი ქულა მოიპოვეს, პირველი ტური ხომ ორივეს წაგებული ჰქონდა.
სამტრედიაში გამართული მატჩიც 0:0 დამთავრდა. ქუთაისის ტორპედომ პირველი ტურიც ამ შედეგით დაასრულა, არც გატანილი აქვს და არც გაშვებული... დილამ კი პირველი ქულა აიღო.
შეგახსენებთ, შარშან დილა მესამე ადგილზე გავიდა, ტორპედომ კი საქართველოს თასი აიღო.
ჩემპიონმა დინამო თბილისმა დიდი ანგარიშით მოუგო სამტრედიას. მე-14 წუთზე უკვე ჰანდიკაპი იყო... ჯერ 17 წლის გაბრიელ სიგუამ გაიტანა ძლიერი დარტყმით და ეს მისი პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. მალე გიორგი მოისწრაფიშვილმა გამოიყენა პენალტი და 2:0.
ბოლო წუთებზე კი დინამოელებმა ორი გოლი დაამატეს. ჯერ ულად-ომარ იმრანმა, მერე კი ზორან მარუშიჩმა. საინტერესოა, რომ სერბი მარუშიჩის გოლი დინამოელთათვის საქართველოს ჩემპიონატში 2500-ე გამოდგა.